აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები ჯანდაცვის მინისტრს, ზურაბ აზარაშვილს განცხადებით პასუხობენ.
როგორც მშობლები წერენ, ისინი აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, სრულ მზადყოფნას აცხადებენ სამინისტროს წარმომადგენლებთან შეხვედრის, თუმცა მათგან ამის შემოთავაზება ამ დრომდე არ ყოფილა.
მშობლები წერენ, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი პროტესტი კვლავ გაგრძელდება.
"უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში, მთავრობის მხრიდან ჩვენთან არცერთი პირი არ გამოსულა პირდაპირ კომუნიკაციაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქამდეც, ახლაც და მომავალშიც, ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას შევხვდეთ სამინისტროს წარმომადგენლებს, მათგან შემოთავაზება არ ყოფილა.
აქვე დავაკონკრეტებთ, რომ დიალოგის რეჟიმის პარალელურად, დედების უწყვეტი აქცია გაგრძელდება მთავარი მოთხოვნის - განკარგულების აქტზე პრემიერის ხელმოწერის - შესრულებამდე.
მისასალმებელია, ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფაზე მზაობა. ეს დიდი ცვლილებაა, რადგან, გვახსოვს ჩვენ, 14 დღის წინ, მშობლებთან შეხვედრის დროს, ქალბატონ თამარ გაბუნიას სიტყვები, როცა დედებს გვითხრა, რომ თანხები არ ჰქონდათ მედიკამენტისთვის.
და ბოლოს, გონივრული ვადის (არაუგვიანეს 1-ელი სექტემბრისა) არ არსებობის გარეშე ჩვენთვის საეჭვო დარჩება სამუშაო პროცესის პროდუქტიულობა," - წერენ მშობლები.
შეგახსენებთ, რომ დღეს, ჯანდაცვის მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მშობლებს მოლაპარაკებებისკენ და საპროტესტო აქციების შეწყვეტისკენ მოუწოდა.