ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი, სერგო შუბითიძე, დღეს პროკურატურაშია დაბარებული

გამოქვეყნდა:

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებელი დღეს პროკურატურაშია დაბარებული. სერგო შუბითიძისთვის, ისევე როგორც გარდაცვლილის ოჯახისთვის ბაჩალიაშვილის თვითმკვლელობის ვერსია არადამაჯერებელია. ის ფიქრობს, რომ საქმე გაყალბდა.

შუბითიძე საგამოძიებო უწყებაში ხვალ, 14:00 საათზე უნდა მივიდეს.  უფლებები საქართველოსთვის იურისტი, მარიამ მაღრაძე ამბობს, რომ შესაძლოა საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყოს.

"ის ფაქტები რაზეც ჩვენ საუბარი გვქონდა, რომ ადგილი ჰქონდა გაყალბებას, მტკიცებულებების განადგურებას, მთელ სიცრუის კასკადს გამოძიების მხრიდან, უკვე მხილებულები არიან და დანარჩენი უკვე მათ ევალებათ ეს ყველაფერი აღმოფხვრან, ჩვენ ვითხოვთ, დაიწყოს გამოძიება და მივმართავთ პროკურატურას. 

მთელი ეს სიტუაცია, რომელიც ამ ეტაპზე ერთ-ერთმა და არა ერთადერთმა მოწმემ საჯაროდ განაცხადა, უკვე იმის ნიშანია, რომ იქ მაღალჩინოსნებიც იქნებიან ჩართულნი", - ამბობს ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი.

ცნობისთვის, თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი შაბათს სახლიდან გავიდა და სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. 23 წლის ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი რამდენიმე დღეში იპოვეს. 

თავდაპირველად გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობდა, 5-თვიანი გამოძიების შემდეგ კი პროკურატურამ განაცხადა, რომ ქალმა თავი მოიკლა და საქმე ამ დასკვნით დაიხურა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი