
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, 33 წლის ჯეირან მარღანიას მკვლელობის ფაქტზე 26 წლის დევიდ ახიბა დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
დე ფაქტო "პროკურატურა" აღნიშნავს, რომ მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 29 აპრილს აღძრეს, ხოლო ბრალდებული 30 აპრილს დააკავეს.
ამავე ცნობის თანახმად, "გამოძიებამ" დაადგინა, რომ მარღანიას ცხედარი, 29 აპრილს გაგრის რაიონის სოფელ ალხაძარში, ყოფილი ფერმერის ტერიტორიაზე იპოვეს. ცხედარი სხვადასხვა სამშენებლო ნარჩენების ქვეშ იყო გადამალული და მას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული მრავლობითი ჭრილობა აღენიშნებოდა.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს "მთავარმა არხმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გატაცებული 33 წლის ჯეირან მარღანია მოკლული იპოვეს.
არსებული ცნობებით, სიკვდილამდე 2 დღით ადრე, 33 წლის კაცი ე.წ "აფხაზურმა დაჯგუფებამ" გაიტაცა. გატაცებისას კი მას თან ჰქონდა დიდი ოდენობით თანხა.