პარტია "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთი ლიდერის, ფრიდონ ინჯიას განცხადებით, ისინი აპირებენ, რომ 30 აპრილს "უცნობის" აქციაზე გაჟღერებული მოთხოვნები საკანონმდებლო ინიციატივის სახით პარლამენტში წარადგინონ.
ფრიდონ ინჯიამ მადლობა გადაუხადა აქციაზე გამომსვლელებს და მათი მოთხოვნები ამჯერად საკანონმდებლო ორგანოში გააჟღერა.
"აი ამ ტრიბუნაზე ვინც იდგნენ, მე მათ მადლობა მინდა ვუთხრა. ეს იყო ხალხი, რომელიც გულანთებული, მთელი სულით და გულით საუბრობდნენ იმაზე, რა უნდა გააკეთონ და პირველ რიგში აქ იყო მოთხოვნა სახელმწიფოს ხელისუფლების მიმართ. მოთხოვნები, რომლებიც მე აქ ჩამოვწერე და ჩავთვალე, რომ კიდევ ერთხელ წამეკითხა იმისთვის, რომ პირველ რიგში ოცნებამ, მმართველმა პარტიამ გაიგოს რა მოთხოვნები იყო აქ. ციტირუეტ - ვციტირებ:
- კანონი ყველას მიმართ თანაბრად აღასრულოს. მიუხედავად პოლიტიკური, სექსუალური ან სხვა ორიენტაციისა. ჩვენი კანონის წინაშე პრივილეგია არავის არ უნდა ჰქონდეს...
- ჩვენი გადაწყვეტილებაა, რომ პოლარიზაციისა და პოლიტიკური კრიზისის შემთხვევაში ქართველ ხალხს პლებისციტის გზით აზრის გამოხატვის შესაძლებლობა მიეცეს, რათა რევოლუციები და დესტაბილიზაცია თავიდან იყოს აცილებული;
- მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან მოხდეს 2004-2012 წლებში "ნაციონალური მოძრაობის" დიქტატორულ რეჟიმის პოლიტიკური-სამართლებრივი შეფასება და შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი აღსრულდეს. ზუსტად ამ კონტექსტში ჯდება საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც ჩემს მიერ იქნა დაინიცირებული 2008 წლის ომთან დაკავშირებით;
- ხელისუფლებამ სუვერენული, ეკონომიური პოლიტიკის გატარებაზე უნდა იზრუნოს, რაც უმუშევრობასა და დაბალ ხელფასებს, სიღარიბეზე გაიმარჯვებს. მთავარი სლოგანი აქ უნდა იყოს, საქართველო უპირველეს ყოვლისა;
- ევროკავშირისა და სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებისგან საქართველოს სუვერენიტეტის მატივისცემისა და მათ კატეგორიულად უნდა მოეთხოვოს შიდა საზოგადოებრივ-პოლიტიკურ საკითხებში ჩაურევლობა;
- დაინერგოს სკოლაში ფუნდამენტალური განათლება, რომელიც შეწყდა;
- დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორება, სახელმწიფო პროგრამების მორგებულად განხორციელება.
- ლგბტ-პროპაგანდის კანონით აკრძალვა და მრავალი სხვა.
ყველა ამ კითხვებს, რომლებიც იქ დაისვა და მოთხოვნაა მთავრობის მიმართ, მე, როგორც ერთი მოქალაქე ვუერთდები მას და ამ კვირაში წარმოვადგენთ კანონების პაკეტს, რომელიც იკვეთება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის სახით წარმოდგენილი საზოგადოების შეკრებიდან, რომელთა ზემოთჩამოთვლილი მოთხოვნები გააჟღერა მონატრებულ კრებაზე მისმა წამყვანმა ზაზა პაპუაშვილმა”, – განაცხადა ინჯიამ.
შეგახსენებთ, რომ 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე აქცია "მოვდივარ" გაიმართა, რომელიც გამორჩეული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური პროპაგანდით. აქციას "ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, უცნობი უძღვებოდა.