"ბურთის ტიკტიკის მეტი არაფერი იცის", - ამის შესახებ "მთავარ არხთან" კახა კალაძეზე გაბრაზებული მძღოლები საუბრობენ. ამბობენ, რომ ხალხი აბუჩად აიგდეს და "ეს საქციელი არის სადისტობა, ხალხი დაგვტანჯეს. ველოსიპედი მაინც დააყენონ, უფასოდ ვიაროთ". მათი თქმით, ასეთი რამ არასდროს მომხდარა "რა გააკეთეს, რამ მოაფიქრათ".
გაბრაზებული მძღოლები რეაბილიტირებული ჭავჭავაძის გამზირის იდეის ავტორსა და თბილისის მერს, კახი კალაძეს სიგნალებითა და ამ სიგნალის შესაბამისი გამონათქვამებით იხსენიებენ.
ეს გაჩერება არის ლონდონში. ლონდონი და თბილისი ერთია?! - ეგ ვერ გაუგიათ. ბურთის ტიკტიკის მეტი მაგან ხო არაფერი არ იცის. ორი საათია დელისის მეტროდან ვაკეში მოდის მგზავრი, - ამბობს ყვითელი მიკროავტობუსის მძღოლი.
მიუხედავად იმისა, რომ ჭავჭავაძის გამზირი პარალიზებულია, თბილისის მერის მოადგილე ამბობს, რომ რეფორმის ამ ეტაპზე ადაპტაციას დრო სჭირდება. ირაკლი ხმალაძე დარწმუნებულია, რომ მოძრაობა რამდენიმე დღეში დარეგულირდება.
რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. თუ რამდენიმე თვით ადრე, ვთქვათ ერთი წლის წინ, რაღაც ერთი კონკრეტული მარშუტით მიდიოდნენ დღეს, განსხვავებული სისტემაა. იქნება ეს შეფერხებები ხვალაც, ზეგაც. მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაში ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. პრობლემა არის ის პოლიტიკა სატრანსპორტო სისტემაში, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებდა მუნიციპალიტეტი, რომლის შედეგადაც მივიღეთ შეუსაბამოდ დიდი რაოდენობის სატრანსპორტო საშუალებები, - ირაკლი ხმალაძე.
სამდღიანი ტრენინგის მიუხედავად, ვერც ავტობუსის და ვერც მსუბუქი ავტომობილის მძღოლები ვერ იგებენ, როგორ უნდა გადაადგილდეს ქალაქის ყველზე გადატვირთულ მონაკვეთში, ასობით ავტომობილი მხოლოდ ერთ ზოლში.
შეგახსენებთ, რომ ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციაზე ხელშეკრულება გასული წლის 4 მარტს შედგა. სამუშაოების დასრულების ვადად თავდაპირველად სამი თვე განისაზღვრა და გამზირის ნაწილობრივ გახსნა 16 სექტემბერს დაანონსდა, თუმცა რეაბილიტაცია 1 წელზე მეტი გაგრძელდა.