
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ უკრაინის კონტრშეტევის დაწყება უახლოეს კვირებში იგეგმება.
როგორც მან Foxnews-სთან განაცხადა, უკრაინის მიერ ბრძოლის ველზე მიღწეულ წარმატებას შეუძლია
მოაახლოვოს მოლაპარაკებები, რითაც შესაძლებელი იქნება სამართლიანი მშვიდობის მიღწევა.
"რუსეთი უკვე წარუმატებელი იყო, რადგან ისინი თავდაპირველად უკრაინის რუკიდან წაშლას ცდილობდნენ. ცდილობდნენ შეეყვანათ ის რუსეთის შემადგენლობაში და გაენადგურებინათ უკრაინა, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო. ეს მათ არ გამოუვიდათ და წარმატებას ვერ მიაღწევენ. ვიცით, რომ უკრაინელები ფიქრობენ კონტრშეტევას უახლოეს კვირებში. ვნახოთ, რა მოხდება. საბოლოო ჯამში, უკრაინის წარმატება ბრძოლის ველზე, ეს არის საუკეთესო და სავარაუდოდ, ყველაზე სწრაფი ხერხი, შევუდგეთ ნამდვილ მოლაპარაკებებს, რასაც შეუძლია სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარება" - თქვა მან.
გარდა ამისა, ბლინკენის თქმით, აშშ-ისთვის უკრაინაში მშვიდობის დასამყარებლად ნებისმიერი ქვეყნის, მათ შორის, ჩინეთის შუამავლობაც მისაღებია იმ პირობით, თუ აღიარებული იქნება, რომ ფსონზე დევს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და დამოუკიდებლობა.