გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა და ადვოკატებმა გენერალურ პროკურატურას მიმართეს საქმის ძიებაში დაბრუნების მოთხოვნით. ოჯახი ამბობს, რომ გამოძიება მკვლელობის მუხლით უნდა დაიწყოს.
"ოჯახმა და ადვოკატებმა მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოვითხოვეთ თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ხელახლა ძიებაში დაბრუნება. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს არის მკვლელობის საქმე და უნდა გაგრძელებულიყო საქმე მკვლელობის მუხლით, თუმცა, მაშინ, როდესაც მოხდა საქმის დახურვა და ასეთი მნიშვნელოვანი მოწმე გამოჩნდა საქმეში და ასეთ მნიშვნელოვან მტკიცებულებებზე აკეთებს აპელირებას მოწმე, ჩვენ ვითხოვთ, რომ მოხდეს საქმის ხელახლა დაბრუნება", - ამბობს ადვოკატი, ეკა ქობესაშვილი.
ოჯახის კიდევ ერთი ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენად ყველაფერი უკვე მზადაა და ახლა ყველაფერი პროკურატურაზეა დამოკიდებული.
ბაჩალიაშვილის დედა არ გამორიცხავს, რომ ოჯახმა რადიკალურ ზომებს მიმართოს და აქციაც გამართოს.
შეგახსენებთ, 29 აპრილს, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთმა ყოფილმა გამომძიებელმა საქმეზე ტელეკომპანია "ფორმულას" ვრცელი ინტერვიუ მისცა. სერგო შუბითიძის თქმით, მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა და ამბობს, რომ საქმეზე მტკიცებულებები გაყალბებულია. შუბითიძემ თქვა, რომ გამოძიების დროს ბაჩალიაშვილის მობილური ტელეფონი დარღვევით ამოიღეს შემთხვევის ადგილიდან და მისი დალუქვაც უკანონოდ მოხდა. მან გამოთქვა ვარაუდი, რომ ვიღაცამ ის გაასუფთავა.
სატელევიზიო ინტერვიუს საფუძველზე პროკურატურამ ბაჩალიაშვილის საქმეზე მტკიცებულებათა შესაძლო ფალსიფიკაციის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. სერგო შუბითიძე სასამართლოში მაგისტრი მოსამართლის წინაშე 2 მაისს გამოიკითხა.