
ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისიის უფროსი მრჩეველი მაიკლ ჰიკარი ჩეჩირე ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებ Defender 2023-ში საქართველოს არმონაწილეობასთან დაკავშირებით "ტვიტს" აქვეყნებს.
"ვინმემ იცით რატომ გამოეთიშა საქართველო "Defender 2023-ის" წვრთნებს ბოლო წუთს?",- დაწერა ჩეჩირემ.
ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ Defender 2023-ში საქართველოს არმონაწილეობასთან დაკავშირებით განცხადება გუშინ გაავრცელა და დაწერა, რომ ინფორმაცია წარმოადგენს "პროვოკაციას თავდაცვის უწყების მიმართ". როგორც ჯუანშერ ბურჭულაძის უწყება აცხადებს, თავდაცვის ძალების მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, გადაწყდა, რომ მეტი ძალისხმევა და რესურსები მიმართულიყო ისეთ საერთაშორისო და ადგილობრივ სწავლებებზე, რომლებიც უფრო მეტად ითვალისწინებენ საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, გამოცდილების გაზიარებას და პროფესიული უნარების გაუმჯობესებას.
საქართველო ნატოს მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში, DEFENDER 2023-ში არ მონაწილეობს, თუმცა დაწყებამდე მონაწილეთა სიაში იყო. როგორც მინისტრმა ბურჭულაძემ ამ თემის კომენტირებისას განაცხადა, კონკრეტული სწავლება შეიძლება, იყოს ხარჯებთან დაკავშირებული და ამაში პრობლემას ვერავინ ვერ უნდა ხედავდეს.