"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა " [GDI] პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღის 30-ე წლის იუბილესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ თავისუფალი მედიის არსებობა აუცილებელი ელემენტია დემოკრატიულ პროცესებში მოქალაქეთა ეფექტიანი ჩართულობისთვის.
ორგანიზაცია ამბობს, რომ დემოკრატიული საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია ისეთი გარემოს არსებობა, რომელიც მედიას ხელს შეუწყობს განახორციელოს მისი ძირითადი ფუნქცია - უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირება.
განცხადების თანახმად, დემოკრატიული საზოგადოებისთვის თავისუფალი მედიის არსებობის საჭიროებას მათ შორის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის ერთ-ერთ პირობა სწორედ თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველყოფაა.
GDI ამავე განცხადებაში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მედიაგარემო საქართველოში დიდი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა - მედიის თავისუფლების დაცვის ხარისხზე უარყოფითად იმოქმედეს რადიკალურმა სოციალურმა ჯგუფებმა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა და მათმა საჯარო განცხადებებმა. მათი თქმით, ამას ადასტურებს ის ფაქტი, რომ საქართველო პრესის თავისუფლების ინდექსში 2021 წელთან შედარებით, 2022 წელს მე-60-დან 89-ე ადგილზე ჩამოქვეითდა.
საქართველოში მედიაგარემოს გაუარესების განმაპირობებელ ძირითად ფაქტორებს შორისაა:
- მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულება და მისი პატიმრობა. იგივეს ადასტურებს სახალხო დამცველის შეფასებაც ნიკა გვარამიას საქმეზე, რომლის მიხედვითაც გვარამიას საქმეში ირღვევა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლი ვინაიდან მის პატიმრებას გააჩნია პოლიტიკური საფუძვლები;
- პროფესიულ ჟურნალისტთა დევნა, ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების არაეფექტიანი გამოძიება და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მედიაზე სიტყვიერი თავდასხმები;
- ჟურნალისტების მიმართ მასობრივი უკანონო მიყურადების შემთხვევები და ამასთან დაკავშირებული გამოძიების არაეფექტიანობა;
- ჟურნალისტებისა და მედიების წინააღმდეგ ცილისწამების არგუმენტით წამოწყებული უსაფუძვლო სარჩელები (SLAPP), რითიც ხელისუფლება ღიად ცდილობს სასამართლოს გამოყენებას კრიტიკული აზრის ჩასახშობად, ხოლო სასამართლოები დაუსაბუთებლად აკმაყოფილებენ ასეთ სარჩელებს, რაც საფრთხეს უქმნის მედიის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება.
- საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები მაუწყებლების დაჯარიმების ან სამართალდამრღვევად ცნობის შესახებ, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში არ აკმაყოფილებს დასაბუთების გონივრულ სტანდარტებს და ეწინააღმდეგება მის მიერვე დადგენილ პრაქტიკას.
- ახალი კანონმდებლობის მიღება და ანდა მიღების მცდელობა, რომელიც არსებითად აუარესებს მედიაგარემოსა და მედიის თავისუფლებას საქართველოში. ამ ინიციატივებს შორისაა, ე.წ. “რუსული კანონის” მიღების მცდელობა, ცვლილებები “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ პარლამენტში მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის ახალი, არაკონსტიტუციური წესი და მისი აღსრულება და ა.შ.
ორგანიზაცია განცხადებაში აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, აღნიშნული პრობლემები მხოლოდ ნაწილია იმ გამოწვევებისა, რომელსაც კრიტიკული მედიის წარმომადგენლები ყოველდღიურად აწყდებიან პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას.
ვკითხულობთ ასევე, რომ საქართველოში არსებული მძიმე მედიაგარემოს ფონზე განსაკუთრებით დასაფასებელია ჟურნალისტების მხრიდან საკუთარი საქმიანობის კეთილსინდისიერად განხორციელების პრაქტიკა.