მოსახლეობის 47% ამბობს, რომ "ოცნება" ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს - NDI

გამოქვეყნდა:

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის მიხედვით, მოსახლეობის თითქმის ნახევარი მიიჩნევს, რომ "ქართული ოცნება" ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. შედეგების მიხედვით, კიდევ უფრო მეტი ამბობს ამავეს არჩეულ ოპოზიციურ პარტიებზე.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხულთა 37% ეთანხმება მოსაზრებას, რომ "ქართული ოცნება" ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს; 47% არ ეთანხმება, 13% ამბობს, რომ არ იცის; 2% უარს ამბობს პასუხზე.

მოსაზრებას, რომ  "პარლამენტში და ადგილობრივ თვითმმართველობაში არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხისა და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ" - 21% ეთანხმება, 61% არ ეთანხმება, 17% ამბობს, რომ არ იცის, ხოლო 1% უარს ამბობს პასუხზე.

კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერთა ნახევარი ფიქრობს, რომ არჩეული ოპოზიციური პარტიები ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებენ.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ მოსახლეობის რეკორდულად დაბალი რაოდენობა - 24% ფიქრობს, რომ ქვეყანაში ერთი პოლიტიკური პარტია მაინც არსებობს, რომელიც მის ინტერესებს წარმოადგენს. "ქართული ოცნების" მხარდამჭერთა 14 პროცენტი და ოპოზიციის მხარდამჭერთა 36 პროცენტი ამბობს, რომ მათ ინტერესებს არცერთი პარტია არ წარმოადგენს.

კვლევა NDI-ის დაკვეთით CRRC-მა ჩაატარა. საველე სამუშაოები ჩატარდა 17-23 მარტის პერიოდში. ჩატარდა 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2% და ცდომილების ზღვარი იცვლება სხვადასხვა პასუხის მიხედვით.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი