ლერი სულაბერიძემ ზუსტად არ იცის, მაგრამ "მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ მანქანა რომლიდანაც მას ესროლეს "ჰიუნდაის" მარკის ჯიპია. მანქანას, რომელიც ახლა პოლიციის ავტოსადგომზე დგას, თავდასხმის ღამით ირაკლი ღლონტი მართავდა. ის წყნეთის მიმართულებით მიმავლ ლერი სულაბერიძეს თბილისიდან მიჰყვებოდა. ეს დაფიქსირებული აქვს კამერებს, ჩანაწერები კი საქმის მასალებში დევს. თავდასხმამდე, დაზარალებულისა და თავდამხმელის მანქანები, სავარაუდოდ, ბოლოს სწორედ ამ კამერამ დააფიქსირა. ლერი სულაბერიძემ "მთავარს" უთხრა, რომ გამომძიებლებს მისთვის ჩანაწერები არ უჩვენებიათ.
ვაკიდან წყნეთის გზამდე მანქანების გადაადგილება რამდენიმე კამერამ დააფიქსირა. ჩვენი ინფორმაციით,
ერთ-ერთ ჩანაწერში ჩანს, რომ ღლონტი მანქანაში მარტო არ იყო. მის გვერდით კიდევ ერთი პირი იჯდა და ლერი სულაბერიძესაც სწორედ მან ესროლა. დაზარალებულის ავტომობილი სედანის ტიპისაა, ჯიპი კი - თავდამსხმელების. პრაქტიკულად გამორიცხულია, რომ მიმავალი ჯიპიდან საჭესთან მჯდომმა იმ ტრაექტორიით ისროლოს, რომ მეორე ავტომობილს ტყვიები ამ ადგილებში მოხვდეს.
თავდასხმიდან მალევე, პოლიციელებმა ირაკლი ღლონტი დააკავეს. მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო-შეძენა-შენახვა, ტარება, გამოყენებასა და მკვლელობის მცდელობას ედავებიან. მაგრამ სამართალდამცველებმა იარაღი ვერ იპოვეს. დაკავების დროს აღიარა, ახლა კი ბრალდებული ამბობს, რომ სულაბერიძისთვის მას არ უსვრია.
თავდაპირველად, სამართალდამცველებს ეს კითხვა ნამდვილად არ დაუსვამთ, თუმცა "მთავარის" წყაროს ინფორმაციით, გამოძიება ახლა სწორედ ამ მიმართულებით მიდის. პოლიციელებმა გაშიფრეს ჩანაწერები და ნახეს, რომ საქმეში სავარაუდოდ, მეორე პირიც ფიგურირებს. ოთხი დღის შემდეგ ღლონტის ავტომობილიდან დნმ-ის ნიმუშები აიღეს და ექსპერტიზაზე გადააგზავნეს. კიდევ ვის დნმ-ს უნდა შეადარონ ღლონტის გარდა აღებული ნიმუშები, უცნობია.
ალეკო ვეფხვაძე "მთავარი არხის" მიერ დასმულ კითხვებზე ძალიან გაბრაზდა და პასუხების ნაცვლად "მთავარს" შეურაცხყოფა მიაყენა. არადა, მხოლოდ ის გვაინტერესებდა, რეალურია თუ არა გავრცელებული ინფორმაცია, რომ ლერი სულაბერიძესთან საფეხბურთო კლუბ "დინამოს" გამო დაპირისპირება აქვს. რამდენიმე წყარო გვიდასტურებს, რომ თბილისის "დინამოს" ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, სწორედ საფეხბურთო კლუბის გარშემო არსებული დავის გამო ესროლეს და არ არის გამორიცხული, საქმეში ვეფხვაძის გვარიც ამოტივტივდეს.
ღიად ამ დაპირისპირებაზე არც სულაბერიძე საუბრობს, თუმცა ფაქტია, მასზე თავდასხმა და სასამართლოს მეორე ინსტანციაში დავის მოგება დროში ძალიან ემთხვევა. "თბილისის დინამოს" მფლობელები 90-იან წლებში, მაშინ, როდესაც სულაბერიძე კლუბის ვიცე-პრეზიდენტი იყო, მერაბ ჟორდანია, ზაზა ვეფხვაძე და გიორგი სვანაძე იყვნენ. ამის შემდეგ, კლუბმა მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ხუთი წელია კი ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, სულაბერიძემ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და კლუბის დაბრუნებაზე დავა დაიწყო. საქალაქო და სააპელაციო მოიგო, საბოლოო გადაწყვეტილება კი უზენაესმა სასამართლომ უახლოეს მომავალში უნდა თქვას. როგორც ჩანს, ვეფხვაძისა და სვანაძის ოჯახები ახლა მიხვდნენ, რომ კლუბის დაბრუნების რეალური შანსი არსებობს და დავა არა სამართლებრივად, არამედ ქუჩურად დაიწყეს.
შეგახსენებთ, რომ 28 ივლისს წყნეთის გზატკეცილზე, კაკლების დასახლებასთან ფეხბურთის ფედერაციის ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს.