რას ან ვის შეეწირა 23 წლის პროგრამისტის სიცოცხლე - ეს არის მთავარი კითხვა, რომელზე პასუხსაც დაღუპულის მშობლები მე-13 დღეა ითხოვენ. ერთადერთი, რაც დაზუსტებით იციან ისაა, რომ თამუნა თავს არ მოიკლავდა.
მაისური ერთადერთი საეჭვო გარემოება არაა. თუმცა ეს ერთი დეტალიც ბაჩალიაშვილებს უმყარებს ვარაუდს, რომ მათი შვილი მოკლეს. ვინ და რატომ, ამის დადგენას, სამართალდამცავებს სთოვენ.
თამარ ბაჩალიაშვილის ბურუსით მოცულ დაღუპვაში რომ მაღალი რანგის პირები არიან ჩართული, ამაში მშობლებს ეჭვი თითქმის აღარ ეპარებათ. სხვა შემთხვევაში, ვერ ხსნიან, რატომ აგვიანებს გამოძიება ისეთი ელემენტარული დეტალების გარკვევას, რაც, მაგალითად, ბოლო სატელეფონი ზარების დადგენაა. ცხედრის პოვნიდან 10 დღეზე მეტია გასული, თუმცა მშობლებისთვის ჯერ ისევ არ უთქვამთ, ვინ დაურეკა 18 ივლისს თამუნას, ვინ გააღვიძა მძინარე და ვინ დაუთქვა შეხვედრა თეთრიწყაროს რაიონში. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ ის ადამიანი, ვინც შაბათ დილით გოგონა სახლიდან გაიყვანა, მისი ნდობით სარგებლობდა.
თუ თამუნას ვინმე აშანტაჟებდა, ეს მხოლოდ მისი საქმიანობიდან გამომდინარე შეიძლებოდა მომხდარიყო. ყოველ შემთხვევაში, ოჯახი ასე ვარაუდობს. მშობლები არც იმას გამორიცხავენ, რომ 23 წლის წარმატებულმა პროგრამისტმა წვდომა ისეთ ინფორმაციზე მიიღო, რაზეც არ უნდა ჰქონოდა. სხვისი საიდუმლოს ნახვა კი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა.
თუ ეს ვერსია მართალია და თამარ ბაჩალიაშვილი მოძიებული ინფორმაციის გამო მოკლეს, მაშინ ჩნდება კითხვა - რას მიაგნო 23 წლის პროგრამისტმა ან ხომ არ გამოიყენეს ის უკანონო საქმიანობისთვის. მაგალითად, ხომ არ დაავალეს საიდუმლო ფაილების გაშიფვრა, დავალების შესრულების შემდეგ კი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი მოწმე უბრალოდ მოიშორეს. ამ ვერსიის ნამდვილობის შემთხვევაში ჩნდება ვარაუდი, რომ საქმეში რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახურები მონაწილეობდნენ.
სპეცსამსახურების, უფრო კონკრეტულად კი რუსული სპეცსამსახურების შესაძლო მონაწილეობაზე უფრო თავისუფლად საუბრობს ბაჩალიაშვილების ადვოკატი. მიხეილ რამიშვილის თქმით, ბოლო პერიოდში არაერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ თავისუფლად მოქმედებენ ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოში.
ვის რა ინტერესი შეიძლებოდა ჰქონოდა თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ, ეს ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ 23 წლის პროგრამისტის ბურუსით მოცული დაღუპვის გასაღები მის პერსონალურ კომპიუტერში იყოს, თუმცა ლეპტოპის გახსნამ ადვოკატსაც და ოჯახსაც გარკვეული კითხვის ნიშნები გაუჩინა. ბაჩალიაშვილების იურისტს თავიდანვე გაცხადებული ჰქონდა, რომ თამარის ლეპტოპი მისი დასწრების გარეშე არ გაეხსნათ, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.
ბაჩალიაშვილის პირადი კომპიუტერი ახლა ექსპერტიზაზეა. როგორც ადვოკატს უთხრეს, ამ დროისთვის ლოპტოპში არსებული მასალის დეშიფრაცია მიმდინარეობს, თუმცა არავინ იცის, პასუხს გასცემს თუ არა მიღებული ინფორმაცია მთავარ შეკითხვებს. ბაჩალიაშვილებს კი არაერთი შეკითხვა აქვთ. მათ შორის სამართალდამცავთა მუშაობის მიმართაც.
პასუხების მოლოდინში ბაჩალიაშვილები ცდილობენ, კიდევ ერთხელ და უფრო დეტალურად გააანალიზონ ბოლო პერიოდში თამარის ქცევა. მშობლები დარწმუნებულები არიან, რომ მისი პრობლემების მიზეზი სამსახური იყო, რომლის შესახება საერთოდ არ საუბრობდა.
ახლა მთელი ყურადღება ცენტრალური კრიმინალური პოლიციისკენაა. 23 წლის პროგრამისტის დაღუპვის მოტივი და მიზეზი სწორედ მათ უნდა დაადგინონ.