"მთავარი არხის" გადამღები ჯგუფი ჭავჭავაძის გამზირზე 16:00 საათზე იმყოფებოდა - ამ დროს, დედაქალაქის ცენტრში საავტომობილო ნაკადი შედარებით შემცირებულია. ტრანსპორტის გადასაადგილებლად ჯერ კიდევ მოძრაობის 2 ზოლია გამოყოფილი. თუმცა, მძღოლებს დაბნეულობა სახეზეც და მანევრებზეც უკვე ეტყობათ. დედაქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი ვაკელებისთვის და არამარტო ვაკელებისთვის ნამდვილ ლაბირინთად გადაიქცა.
ილო ბეროშვილი დაბადებიდან ვაკის მაცხოვრებელია. ქალაქში გადაადგილება ძირითადად ავტომობილით უწევს. ამბობს, რომ რაც ბოლო პერიოდში მის უბანში ხდება, ვაკელების შეურაცხყოფაა. დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ თბილისის ცენტრში მოვლენები კიდევ უფრო მძიმე სცენარით განვითარდება.
ვაკეში გადაადგილება უფრო და უფრო გაუსაძლისი ხდება. ჯერ კიდევ ორ ზოლში მოძრავი ავტომობილები კილომეტრიან საცობებს ქმნიან. მოსაღამოებასთან ერთად კი ნაკადი უფრო და უფრო იზრდება. თუ ჭავჭავაძის გამზირზე გასვლას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ, რომ 40-50 წუთი უწყვეტ საცობში მოგიწევთ დგომა. ავტომობილის მძღოლები დაბნეულობას ვერ მალავენ. ზაფხულის გაუსაძლისი სიცხით შეწუხებულებს ახალი თავსატეხი დაემატათ. თბილისის მერის მიმართ ბრაზს კი ყველა სხვადასხვაგვარად გამოხატავს.
ვინც ავტომობილით გადაადგილებაზე დიდი ხანია უარი თქვა, ქალაქში და კონკრეტულად კი ჭავჭავაძის გამზირის ტერიტორიაზე მოძრაობა, მათთვისაც პრობლემური გახდა. მსახიობი ვასო ფხაკაძე 14 წელია ამ უბნის მკვიდრია. უჭირს გაიხსენოს, ვაკეში სხვა ისეთი ქაოსი, რაც მოძრაობის წესების ცვლილებამ ბოლო პერიოდში გამოიწვია.
არადა ფაქტია, ვაკე ნამდვილად აბობოქრდა. ამაზე მეტყველებს არამარტო საათობით საცობში მდგარი ნირწამხდარი ადამიანების სახეები, არამედ გაჩერებიდან გაჩერებებზე მორბენალი მოქალაქეები, რომლებსაც ამ დრომდე ვერ გაურკვევიათ, სად უნდა დაელოდონ სასურველ ავტობუსს.
ასეთი გაბრაზებული გია ბუღაძე თავისსავე უბანში გაურკვეველი ლაბირინთების მოწყობის გამოა. ცნობილი მხატვარი ვაკეში ცხოვრების ათობით წელს ითვლის, თუმცა ახლა უბანში დადის და აქაურობას ვერ ცნობს.
არადა, ჯერ მხოლოდ აგვისტოა. დედაქალაქი თითქმის ცარიელია, თუმცა სიცარიელე ვაკეს ნამდვილად არ ეტყობა. ერთდროულად გაბრაზებული და დაბნეული მოქალაქეები თავიანთი ძალებით ცდილობენ გზის გაკვლევას ამ დაუსრულებელ ლაბირინთში, რაც კახა კალაძეს ევროპის ერთერთ დედაქალაქს - მილანს აგონებს.
თუმცა ვაკე ჯერ ბოლომდე გახსნილი არ არის. ამ დრომდე საგულდაგულოდ შეფუთულია პორტუგალიური ნაგვის ურნები და ულტრათანამედროვე სკამები, რომელიც დედაქალაქის მერიას ასევე კოლოსალური თანხა დაუჯდა. ჭავჭავაძის გამზირზე ჩვენი გასეირნებაც აქ სრულდება. მაღალ ქუსლებზე სიარული ვაკეში ნამდვილად სასიამოვნოა, თუმცა რას ეუბნებიან კალაძეს ადამიანები, ვისაც აქ გადაადგილება ტრანსპორტით უწევთ, მათი ჟესტებით ადვილი გამოსაცნობია.