როგორია საქართველოში მედიაგარემო - ამ თემაზე ისაუბრეს კრიტიკული მედიის წარმომადგენლებმა ჩეხეთის საელჩოში შეხვედრაზე. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ნიკა გვარამიას აბსურდული ბრალდება და პოლიტიკური პატიმრობა:
"ელჩებმა თვითონ მოინდომეს, რომ ეს შეხვედრა გამართულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ მიგვეწოდებინა მათთვის უფრო დეტალური ინფორმაცია რა მდგომარეობაშია და რამდენად თავისუფალია დღეს ქართული მედია. მათ არ უნდა მისცენ საშუალება ნიკას პატიმრობით ვაჭრობით. საკითხი არ უნდა დადგეს ასე, რომ თუ ნიკა ციხეშია, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს. არა, პირიქით. რაც უფრო მეტნი ვიქნებით ციხეში, აი, ნიკა რომ ციხეშია, ზუსტად ამის გამო , მეც თუ ციხეში ვიქნები, ვატო თუ ციხეში იქნება, ზუკა ციხეში იქნება, ზუსტად ამის გამო ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოგვცენ კანდიდატობის სტატუსი.
ისინი ხვდებიან და იციან, რომ სულ რომ ყველაფერს თავი დაანებო, კრიტიკულ მედიასთან როგორი დამოკიდებულებაც აქვს ხელისუფლებას, ზუსტად ისეთი აქვს ქვეყნის მიმართაც. ევროპამ და ზოგადად საზღვარგარეთმა [აქ იაპონიის ელჩიც იყო, ამერიკის საელჩოს წარმომადგენელიც და ა.შ.], არ უნდა მისცენ ხელისუფლებას საშუალება ნიკას პატიმრობით ვაჭრობის, საკითხი არ უნდა დადგეს ასე, რომ თუ ნიკა ციხეშია, საქართველო ვერ მიიღებს სტატუსს"- აცხადებს გიორგი გაბუნია, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჩეხეთის საელჩოში დასრულებული შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ტვ პირველისა" და "ფორმულას" ხელმძღვანელებიც. მედიამენეჯერებმა სხვადასხვა ქვეყნის ელჩებსა და დიპლომატებს ინფორმაცია მიაწოდეს როგორ პირობებში უწევთ ჟურნალისტებს მუშაობა და პროფესიული მოვალეობის შესრულება.