რეფორმები უნდა გაგრძელდეს - აცხადებს თბილისში ვიზიტად მყოფი ჯეიმს აპატურაი, რომელიც დღეს უკვე შეხვდა პარლამენტის დეპუტატებს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან.
აპატურაიმ საქართველოში ვიზიტის 3 მიზეზი დაასახელა:
"მე საქართველოში სამი მიზეზით ვიმყოფები. უპირველესად, ეს არის რუსეთის უკრაინაში შეჭრა, რამაც დესტაბილიზაცია შემოიტანა რეგიონში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიული ქვეყნები იდგნენ ერთმანეთის გვერდით, იმუშაონ, რათა დაიცვან საკუთარი უსაფრთხოება და ღირებულებები. საქართველო ნატოს პარტნიორი ქვეყნების ჩამონათვალშია და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო მჭიდროდ ვიმუშაოთ ასეთ არასტაბილურ დროში. ბოლო საზოგადოებრივი კვლევები ადასტურებს, რომ ხალხის არჩევანი დემოკრატიული ღირებულებები და ევროატლანტიკური ინტეგრაცია.
მეორე მიზეზი არის, თუ როგორ გავაკეთოთ უფრო მეტი ერთად. საქართველოში უკვე არის უფრო მეტი ნატო ისევე როგორ პირიქით, თუმცა ჩვენ გვინდა კიდევ უფრო მეტი ნაბიჯების გადადგმა ორივე მიმართულებით. შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ პრაქტიკული თანამშრომლობის საკითხები. მაგალითად, ენერგოუსაფრთხოება. ვინაიდან ნატოს წევრმა ქვეყნებმა გადაწყვიტეს რუსულ გაზთან დაკავშირებით მეტი დივერსიფიკაცია მოახდინონ. ამ მხრივ, საქართველოს და ზოგადად ამ რეგიონს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ევროატლანტიკური და ენერგოუსაფრთხოებისთვის.
მესამე მიზეზი კი რეფორმებია. ვიყავი პარლამენტში, სადაც შევხვდი დეპუტატებს უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან. გზავნილი მარტივია - რეფორმები უნდა გაგრძელდეს, მაგრამ ამ პროცესს აფერხებს პოლარიზაცია, რის გამოც ჩვენ შეშფოთებულები ვართ" განაცხადა აპატურაიმ.
მედიასთან აპატურაიმ ნატოს მომავალ ვილნიუსის სამიტზეც ისაუბრა, თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.
აპატურაის ვიზიტისას თბილისში, ძირითადი აქცენტი გაკეთდება NATO-ს პროგრამაზე, სახელწოდებით "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის", რომელიც სპეციალური მექანიზმია ალიანსისა და მისი პარტნიორი ქვეყნების დიალოგისთვის.