
საქართველოში, ტოტალური გაჭირვების ფონზე, ივანიშვილის ოჯახი ჯამში 40 მლ კვადრატულ მეტრზე მეტ მიწას ფლობს და არა მხოლოდ მიწას - ივანიშვილმა გვასწავლა, როგორ შეიძლება ზღვის მიწად რეგისტრირება. ივანიშვილი დაეუფლა აბასთუმნის ცას და არც მეტი არც ნაკლები, საერთაშორისო საავიაციო სააგენტოს, მის საკუთრებაში არსებული მიწის თავზე ფრენების გადაწევა მოსთხოვა. ამჯერად კი, ივანიშვილის კორუფციული კლანის მომხვეჭველობითი ინსტიქტები მიწის ქვეშ, მღვიმეს გადასწვდა.
სქემა ასეთია: ივანიშვილის ოჯახის, კონკრეტულად კი უჩა მამაცაშვილის სიძე, სიმონ ნოზაძე არის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე და სამინისტროში ყველაზე გავლენიანი პირი. მისი მფარველობით იმერეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოს მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარეება, სააგენტოს განკარგულებაში არსებული მღვიმე "ჯიგრულად" გაიყვეს და სარგებლობაში დაირეგისტრირეს.
ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლის მიხედვითაც, მერაბ ჭრელაშვილის დირექტორობისას, იმერეთის
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვაში მყოფი „თეთრამღვიმე“ 20 წლიანი იჯარით წლიანი იჯარით შპს "თეთრა ჯგუფს" გადაეცა. სწორედ „თეთრა ჯგუფის“ დირექტორად დაინიშნა მერაბ ჭრელაშვილის მეგობარი და ყოფილი პროკურორი, ჯუმბერ ლელაძე.
დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ჯუმბერ ლელაძე შპს-ს დირექტორობიდან წავიდა და სააგენტოს დაცული ტერიტორიების თავმჯდომარე გახდა. ხოლო მერაბ ჭრელაშვილი გახდა იმ შპს-ს 50%-იანი წილის მფლობელი, რომელ შპს-საც მისი დირექტორობის დროს, მღვიმე 20 წლიანი იჯარით გადაეცა. მეწილეებს შორის 25%-იანი წილით არის დავით ბიბიჩაძეც, ჯუმბერ ლელაძის ცოლის ძმა.
იმას, რომ "ზემოთ" ყველაფერი კარგად იციან, ამ თემაზე მინისტრის პასუხიც ადასტურებს, რომელმაც ყოყმანის გარეშე კარგად ინფორმირებულმა გვიპასუხა. თუმცა საიდან აღმოჩნდა ლელაძის ცოლის ძმა მესაკუთრეთა სიაში, ამაზე მინისტრს არ უპასუხია.
"მთავარი არხი" ეცადა, კომენტარი მოეპოვებინა ჭრელაშვილი-ლელაძისგანაც, მაგრამ ისინი ჩვენს კამერებს დაემალნენ და მიუხედავად დაპირებისა, აღარ გამოჩნდნენ.
ეს პირველი შემთხვევა არ არის როდესაც ჯუმბერ ლელაძე კორუფციულ სკანდალში ეხვევა, 2016 წელს ქუთაისში, ბუხაიძის ქუჩაზე მცხოვრებლები ყოფილ პროკურორს მათი ინტერესების უგულებელყოფის
ხარჯზე კორუფციულ სამშენებლო ინტერესებში ადანაშაულებდნენ.
მსგავსი ტიპის ბრალდებები კანონის უზენაესობის მქონე ქვეყანაში, სამართალდამცავი ორგანოების მიერ მინიმუმ კითხვებს უნდა აჩენდეს.