
ამერიკის 42-ე პრეზიდენტის, ბილ კლინტონის თქმით, ის ჯერ კიდევ 2011 წელს მიხვდა, რომ ვლადიმერ პუტინის უკრაინაში შეჭრა "უბრალოდ დროის საკითხი" იყო. კლინტონის ინტერვიუს Financial Times ავრცელებს.
როგორც ამერიკელი პოლიტიკოსი ამბობს, დავოსში შეხვედრისას პუტინმა თქვა რომ ის არ ეთანხმებოდა ბორის ელცინის დროს გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის ფარგლებშიც რუსეთს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის უნდა ეცა პატივი, სანაცვლოდ კი უკრაინას უარი უნდა ეთქვა ბირთვულ არსენალზე.
"ვლადიმერ პუტინმა მითხრა 2011 წელს - სამი წლით ადრე ვიდრე ყირიმს აიღებდა - რომ ის არ ეთანხმებოდა შეთანხმებას, რომელიც მე დავდე ბორის ელცინთან... მან თქვა "მე არ ვეთანხმები, მხარს არ ვუჭერ და არ ვემორჩილები." და მე ამ დღის მერე ვიცოდი , რომ ეს უბრალოდ დროის საკითხი იყო," - თქვა კლინტონმა.
საუბარია 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმზე, რომლის ფარგლებშიც რუსეთი, ამერიკა და სხვა ქვეყნები უკრაინის, ყაზახეთისა და ბელარუსის ტერიტორიული მთლიანობის გარანტორები გახდნენ, სანაცვლოდ კი ამ ქვეყნებმა ბირთვულ იარაღზე თქვეს უარი.
ამავე ინტერვიუში, კლინტონმა დასავლეთს მოუწოდა, რომ გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა, რადგან კიევს შეუძლია გამარჯვება თუ საჭირო შეიარაღებას მიიღებს.