
"არ არსებობს არაფერი მტკიცებულებები..მამა ინვალიდი და არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს" - ამის შესახებ "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბარში რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძის ბიძა საუბრობს.
მერაბ ჭაჭუას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ქრისტინე თაკალანძის გასათავისუფლებლად არაფერი გაუკეთებია:
"არ არსებობს არაფერი მტკიცებულებები, თვითონ ხომ იცით რა მდგომარეობაში იქნებოდა საწყალი გოგო და ჩაუდეს ყველაფერი, ვერაფერს ვერ დაამტკიცებდა და ასე ჩადებაზე 10 წელი მიუსაჯეს და ყველამ იცის, რომ მამა ინვალიდი ჰყავს, არასრულწლოვანი ბავშვი ჰყავს და 10 წლის შემდეგ მამა მაგას არ დახვდება და ბავშვს არასრულწლოვანს ვინ გაზრდის. ჩვენმა მთავრობამ არაფერი არ მოიმოქმედა მაგის სასარგებლოდ. თავის მოქალაქეს 10 წელი მიუსაჯეს და საერთოდ არაფერი არ უმოქმედიათ" - ამბობს მერაბ ჭაჭუა, ქრისტინე თაკალანძის ბიძა
ცნობისთვის, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს, ე.წ. სასამართლომ 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.