რეიდი ქოლ-ცენტერბის წინააღმდეგ, თუ ოპონენტების დაშინების მცდელობა? - დალუქული ოფისების გვერდით ფართი, თბილისის მერიის საკუთრებაა

გამოქვეყნდა:

ანონიმურმა წყარომ პოლიციას აცნობა, რომ თბილისის ცენტრში მარჯანიშვილის 75 ნომერში ე.წ. ქოლ-ცენტრი ფუნქციონირებდა და ეს იყო კიდევ ერთი ადგილი, საიდანაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საბანკო ანგარიშებიდან თანხას თაღლითური მეთოდებით პარავდნენ. სპეცოპერაცია 3 სართულიან შენობაში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. დილით პოლიციამ რამდენიმე ოფისი დალუქა, შიგნიდან კი, კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტები გამოიტანეს. 

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციით, შენობაში განთავსებული ე.წ ქოლცენტრი,  სტრატეგია აღმაშენებლის  ლიდერს - გიორგი ვაშაძეს ეკუთვნოდა. მოგვიანებით, გაირკვა, რომ აღმაშენებლის 75- ში მდებარე სამ სართულიანი შენობის მფლობელი შპს " მისანი"აღმოჩნდა, რომლის 25%-იანი წილსაც გიორგი ვაშაძის ძმა - დავით ვაშაძე ფლობდა. თუმცა დავით ვაშაძემ მალევე განმარტა, რომ მის მფლობელობაში შენობის მხოლოდ მეორე სართულია, სადაც მას სასტუმრო აქვს გახსნილი. სხვა ოფისების შესახებ კი მას ინფორმაცია არ აქვს. 

ბრალდებებს საჯარო ბრიფინგით უპასუხა გიორგი ვაშაძემაც და განაცხადა რომ ხელისუფლება მოგონილი ბრალდებებით მიზანმიმართულად ცდილობს მისი  რეპუტაციის შელახვას. 

შპს "მისანი"-ს ყველაზე მსხვილი მეწილე 33% -იანი წილით ლომგულ ჭკუასელია. ის "მისანის" დირექტორიცაა. შესაბამისად ფართების გაქირავებაზეც პირადადაა პასუხისმგებელი. "მთავარი" დღეს რამდენჯერმე შეეცადა მასთან დაკავშირებას იმის გასარკვევად, თუ ვის მიაქირავა ოფისები და თუ იცოდა მათი საქმიანობის შესახებ. თუმცა პასუხი ამ დრომდე არ გვაქვს.  ჩვენი ინფორმაციით, ჭკუასელმა  კუთვნილი ფართი 18 აპრილს გააქირავა. პოლიციამ შენობაში ოფისები 1 სართულზეც დალუქა. ირკვევა, რომ დალუქული ოფისების გვერდით 100 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართს თბილისის მერიაც ფლობს. აქ უკვე წლებია ბიბლიოთეკაა გახსნილი. საინტერესოა, ჰქონდა თუ არა მერიას ინფორმაცია რას საქმიანობდნენ მისი კუთვნილი ოფისის მომიჯნავედ.

იმ დროს, როცა საქართველო ტრანსნაციონალური დანაშაულის ცენტრად არის მიჩნეული, პასუხისმგებელი პირი - შინაგან საქმეთა მინისტრი ისევ ვერ ახერხებს უმნიშვნელოვანეს თემაზე სერიოზული პასუხის გაცემას. 

ბოლო პერიოდში თბილისის ცენტრში კიდევ რამდენი ოფისი დაილუქა. ამოღებულია კომპიუტერები და დოკუმენტები. ახლა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გაარკვიოს - იყო თუ არა ამ შენობაში ე.წ. ქოლ-ცენტრი და ვინ მფარველობდა მას. 

ავტორი: ნინო გიგაური

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი