თბილისის ცენტრში, ყოფილი აბრეშუმის ქარხნის ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის ცათამბჯენების პროექტი ისევ განახლდა. დოკუმენტი გასაიდუმლოებულია, კახი კალაძის უწყება ამ დრომდე არ ასაჯაროებს ოლიგარქის ცათამბჯენების პროექტს. არადა უკვე მეორე დღეა დოკუმენტი დედაქალაქის მერიას გაეგზავნა, რა შეცვალეს და რა დატოვეს უცვლელი ცათამბჯენებში, ამის გარკვევა ამ დრომდე შეუძლებელია.
ტრანსპორტისა და ურბანულ სააგენტოს, ქართუ ჯგუფმა პროექტი გასული წლის 31 დეკემბერს წარუდგინა, თუმცა მერიამ პროექტი დაახარვეზა, რის გამოც მისი განხილვა შეწყდა. გუშინ კი მერიის მუნიციპალურ სამსახურს პროექტის განაშენიანების რეგულირების გეგმა ხელახლა წარედგინა. დამკვეთი კომპანიაა "კოსტავას 69", რომლის დირექტორი ბიძინა ივანიშვილის დისშვილი კახა კობიაშვილია, ხოლო 100%-იანი წილის მფლობელი ფონდი ქართუ. ოლიგარქის ფონდს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე, თბილისის ერთ-ერთ ყველაზე რთულ სატრანსპორტო კვანძთან, გმირთა მოედანთან სურს.
ბურუსით მოცული პროექტი, რუსული კავშირები და მილიონების შოვნის ახალი გზა მოქალაქეების ხარჯზე - ასე აფასებენ ხელისუფლების ოპონენტები ბიძინა ივანიშვილის ცათამბჯენების იდეას. ოპოზიციისთვის გაუგებარია რა თანხას ხარჯავს ოლიგარქი ამ პროექტებზე და ხომ არ არის ის სანქცირებული რუსული ფული. პოლიტიკოსები დარწმუნებულები არიან რომ ქვეყნის ჩრდილოვანი მმართველის მორიგი ახირების სისრულეში მოყვანა უკვე გადაწყვეტილია. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ფონდი ქართუ, რომლის ფინანსები, კანონის მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ საიდუმლოა.
რა სერიოზული პრობლემები შეიძლება მოუტანოს 65-სართულიანმა ცათამბჯენებმა თბილისს? ცნობილია რომ ოლიგარქის ცათამბჯენები დედაქალაქის ყველაზე მაღალი ნაგებობები იქნება. პროექტისთვის ქალაქის ცენტრი სარეკრეაციო ზონის სტატუსს დაკარგავს, შეიცვლება ტერიტორიის განაშენიანების გეგმაც. სპეციალისტები დარწმუნებულები არიან რომ სატრანსპორტო კოლაფსი და ქალაქის ისტორიული იერსახის რღვევა გარდაუვალია.
ექსპერტები მოსალოდნელ ეკოლოგიურ კატასტროფაზეც საუბრობენ და თბილისის მერს მოუწოდებენ, არ გასცეს ცათამბჯენების მშენებლობის ნებართვა, მითუმეტეს იმ ზონაში, სადაც მშენებლობები ისედაც უკონტროლოა.
პროექტი გასაიდუმლოებულია, თუმცა ფაქტია რომ ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთი ახირების ასრულება მოქალაქეების ხარჯზე დაჩქარებულ ვადებში სურს. რაც ნიშნავს იმას რომ დედაქალაქის ცენტრში, უნიკალურ ადგილას ოლიგარქის გამდიდრებისთვის სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.