შეხვედრა ზელენსკის დავალებით - უკრაინა მზადაა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის კოალიცია შექმნას

გამოქვეყნდა:

უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესასწავლად საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. ოფიციალური მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიღებული აქვს, თუმცა პასუხს ომში მყოფი ქვეყნის ომბუდსმენს რატი ბრეგაძის უწყება  არ უბრუნებს. 

დღეს კიევში საათ-ნახევრის განმავლობაში, სახალხო დამცველის აპარატის ოფისში საქართველოს მესამე პრეზიდენტის საკითხი განიხილებოდა. დმიტრი ლუბინეცი სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას გიული ალასანიასგან და საქართველოს პარლამენტის წევრებისგან იღებდა. საგანგებო შეხვედრას ესწრებოდნენ უკრაინის რადას წევრებიც. 

საათნახევრის განმავლობაში უკრაინელი ომბუდსმენი ისმენდა სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციას მიხეილ სააკაშვილის მძიმე მდგომარეობის შესახებ. 

სიმძიმეში იგულისხმება როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასევე უფლებრივი. 

მნიშვნელოვანია რომ რადას დეპუტატები, რომლებიც ხალხის მსახურის ფრაქციიდან ესწრებოდნენ ამ შეხვედრას პირდაპირ ამბობენ რომ მიხეილ სააკაშვილი არის კრემლის პირადი პატიმარი , რომლის განადგურებითაც პუტინის დავალებით საქართველოს ხელისუფლება არის დაკავებული. ასევე უკრაინული მხარე მზად არის რომ შექმნას ერთგვარი კოალიცია, რომელიც იმუშავებს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე და გადადგამს იმ ნაბიჯებს, რომლებიც უზრუნველყოფს უკრაინის მოქალაქისა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის უკრაინაში გაყვანასა და შემდგომი მკურნალობის მიზნით ევროპის რომელიმე კლინიკაში გადაყვანას.  დღევანდელ  შეხვედრას ესწრებოდნენ ქართველი პოლიტიკოსებიც : კობა ნაყოფია და ხატია დეკანოიძე. 

ომბუდსმენის ოფისში გამართულ შეხვედრას დისტანციურად ერთვებოდა გიული ალასანიაც. მისი ცნობით უკრაინის ომბუდსმენი მიხეილ სააკაშვილის საკითხის შესწავლით არის დაინტერესებული და მეტიც საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. 

ოფიციალური მიმართვა გიული ალასანიას ცნობით იუსტიციის სამინისტროს უკვე აქვს, თუმცა ამ დრომდე პასუხი დაბრუნებული არ არის. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს რომ უკრაინის წინა სახალხო დამცველმა ლუდმილა დენისოვამ არაერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, რომ ჩამოსულიყო საქართველოში და მოენახულებინა მიხეილ სააკაშვილი და ყველა ჯერზე უარი მიიღო საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ახლაც უცნობია შეძლებს თუ არა ახალი სახალხო დამცველი საქართველოში ჩამოსვლას. 

მნიშვნელოვანია რომ დღევანდელი შეხვედრა უკრაინის ომბუდსმენის აპარატში ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით გაიმართა. რაც იმას ნიშნავს რომ უმძიმესი საომარი მდგომარეობის მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტი მაინც ადევნებს თვალყურს მიხეილ სააკაშვილის საქმეს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს მისი მდგომარეობის გამოსასწორებლად.

ავტორი: ზურა პეტროსიანი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი