
5 მაისს საღამოს ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ 8 და 9 მაისს უკრაინის დროშების აკრძალვა გააუქმა. ამასთან, ამ დღეებში აკრძალულია რუსეთის დროშების განთავსება.
სასამართლომ დააკმაყოფილა უკრაინული ორგანიზაცია „ვიჩეს“ საჩივარი და გააუქმა ტრეპტოვში, ტირგარტენსა და შონჰოლცერ-ჰაიდეს მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილ საბჭოთა მემორიალებთან უკრაინის დროშების განთავსების აკრძალვა. სასამართლომ განმარტა, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ სამოქალაქო უსაფრთხოება საფრთხეშია.
"ვიჩეს" ადვოკატმა პატრიკ ჰეინემანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაადასტურა სამართლებრივი დასკვნა, რომ უკრაინის დროშების აკრძალვა უკანონოა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბერლინის პოლიციას კვლავ შეუძლია ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილება ბერლინ-ბრანდენბურგის უმაღლეს ადმინისტრაციულ სასამართლოში გაასაჩივროს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ გერმანიის დედაქალაქის პოლიციამ აკრძალა 8 და 9 მაისისთვის უკრაინის და რუსეთის დროშები ბერლინის ტრეპტოვის, ტირგარტენის და შიონჰოლცერ ჰაიდეს რაიონებში, სადაც მეორე მსოფლიო ომისადმი მიძღვნილი საბჭოთა მემორიალებია განთავსებული.
პოლიციის თანახმად, აკრძალვის საფუძველია "მაშინდელი საბჭოთა ჯარისკაცების ხსოვნისთვის ღირსეული პატივის მიგება“, რის გამოც სამივე მემორიალის მახლობლად აიკრძალა მარშების და ომის დროინდელი სიმღერების შესრულება