
ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას - განაცხადა პრემიერმა ღარიბაშვილმა "ევროპის დღის" გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ღარიბაშვილმა მისი ხელისუფლების 10 წლიან დამსახურებებზე ისაუბრა ევროპასთან დაახლოების კუთხით:
"ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ დღეს „ევროპის დღეს“ აღვნიშნავთ, ქართველები და ევროპელები ერთად. ვინაიდან, ეს დღე არის, როგორც ევროპისთვის და ევროპელებისთვის, ასევე ქართველებისთვის. ქართველები ყოველთვის ისტორიულად მივიჩნევდით ჩვენს თავს ევროპის ნაწილად. შესაბამისად, ჩვენი გაცხადებული მიზანია, რომ გავხდეთ ევროპული დიდი ოჯახის სრულფასოვანი წევრები. თქვენ იცით, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენმა ხელისუფლებამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაახლოებოდა ევროპას. მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას, რომ სწორედ ჩვენი ხელისუფლების დამსახურება არის ასოცირების შეთანხმების გაფორმება, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება, უვიზო რეჟიმი და ევროპული პერსპექტივის მონიჭება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან კარგად გვესმის და გვაქვს გააზრებული, რომ ეს მოითხოვს კიდევ უფრო მეტი საქმის გაკეთებას, მეტი რეფორმების განხორციელებას იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს ევროპას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა