"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაა კრიმინალი"- პროკურატურამ კამლაძეს ბრალი გადაუკვალიფიცირა

გამოქვეყნდა:

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული კახაბერ კამლაძის ადვოკატი ამბობს, რომ დაკავებული ბრალს არ აღიარებს. 

პროკურატურამ მომხდარზე მუხლი გადააკვალიფიცირა - თავდაპირველად გამოძიება კამლაძეს მკვლელობასა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებოდა, თუმცა ორივე მუხლი გაუქმდა და ახლა კამლაძეს ბრალად ედება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობა.

დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების შეცვლას ითხოვს. ადვოკატის თქმით, კამლაძეს მკვლელობა განზრახული არ ჰქონია და არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების ან მოწმეებზე ზეწოლის მოხდენის საფრთხე.

ჯერჯერობით უცნობია როდის ჩაინიშნება სასამართლო, სადაც კამლაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ:

"გამოძიება დაიწყო იარაღის უკანონო ტარებით და 108-ე მუხლით, მოეხსნა ორივე მუხლი და შეიცვალა 114-ე მუხლით, რომელიც არის დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომების გადაცილება და დაცვის მხარე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასამართლოში არსებითი განხილვის დროს დადგეს გამამართლებელი განაჩენი. გამოძიებასთან თანამშრომლობას ვაპირებთ, რაც შეეხება საფრთხეებს, გამორიცხულია, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არაა კრიმინალი, არის დამსახურებული პიროვნება, ამას მისი პირადი საქმეც ადასტურებს, საფრთხეები, რომ მიიმალება, გამოძიებას ხელს შეუშლის, მტკიცებულებებს გაანადგურებს და ზეწოლას მოახდენს მოწმეებზე, აბსოლუტურად გამორიცხულია" -, თქვა ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ.

გოგებაშვილის ქუჩაზედ მკვლელობა 4 მაისს მოხდა. მოკლულია ბიზნესმენი საბა გახოკია. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესროლა გახოკიამ  ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს და ის ფეხში დაჭრა. ამის შემდეგ გახოკიას ცეცხლი მარგველაშვილის დაცვამ  კახაბერ კამლაძემ გაუხსნა, გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. გიჩო მარველაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მედიკოსების ცნობით,  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი