გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ კახაბერ კამლაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. საქალაქო სასამართლოში აღკვეთ ღონისძიებაზე სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.
დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების სახით 1 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა. სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა. კამლაძე ბრალს არ აღიარებს.
კამლაძეს პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად 6 მაისს წარუდგინა. თავდაპირველად ის ორი მუხლით - იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და განზრახ მკვლელობისთვის დააკავეს, თუმცა უწყებამ ბრალდება გადააკვალიფიცირა. ახლა გამოძიება მას დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას ედავება.
გოგებაშვილის ქუჩაზედ მკვლელობა 4 მაისს მოხდა. მოკლულია ბიზნესმენი საბა გახოკია. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ ესროლა გახოკიამ ბიზნესმენ გიჩო მარგველაშვილს და ის ფეხში დაჭრა. ამის შემდეგ გახოკიას ცეცხლი მარგველაშვილის დაცვამ კახაბერ კამლაძემ გაუხსნა, გახოკია ადგილზე გარდაიცვალა. გიჩო მარველაშვილი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და მედიკოსების ცნობით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.