
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელმა თომას ბახმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დააბრუნოს რუსები და ბელარუსელები საერთაშორისო შეჯიბრებებზე. ამის შესახებ მან ჩინეთში ვიზიტისას განაცხადა.
მისი თქმით, გადაწყვეტილება იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა რუსი და ბელარუსი სპორტსმენები 2024 წელს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ასპარეზობას "შესაფერის დროს" მიიღება.
"ახლა ჩვენ ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შევასრულოთ მისია, ოლიმპიური მოძრაობის წინადადება და დავაბრუნოთ რუსული და ბელარუსული პასპორტების მქონე სპორტსმენები საერთაშორისო შეჯიბრებებზე", - განაცხადა ბახმა
ბახმა იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და ბელარუსის სპორტსმენები ნეიტრალურ სტატუსში მიიღებენ მონაწილეობას.
შეგახსენებთ, რომ მარტის ბოლოს, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC) რეკომენდაცია გასცა, რომ სპორტულმა ფედერაციებმა დაუშვან რუსების მონაწილეობა ინდივიდუალურ შეჯიბრებებში ნეიტრალური სტატუსის ქვეშ, გარკვეული გამონაკლისის გარდა. შემდეგ ბახმა თქვა, რომ პარიზის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის სპორტსმენების მიღება გადაიდო.