
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "რუსული რეჟიმის" პროპაგანდისტი არხების მიერ მისი და მისი ოჯახის წევრების რეპუტაციის მიზანმიმართული შელახვა ხდება. ვაშაძემ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე ისაუბრა და ჟურნალისტებს რეესტრის ამონაწერი აჩვენა.
მისი თქმით, გასულ კვირას აღმაშენებლის გამზირზე სპეცოპერაცია სუს-მა და სხვა სახელისუფლებო ორგანოებმა დაგეგმეს. ვაშაძე ამბობს, რომ გამქრალია პირი, რომელმაც შენობაში, სადაც მისი ძმის სასტუმროა ფართი იქირავა.
"13 აპრილს, სავარაუდოდ, სუს-ის დავალებით, ვინმე მიხეილ არახამია არეგისტრირებს კომპანიას "ლაიონ 7 გრუპ", რომელიც მიდის და ქირაობს ფართს იმ შენობაში, სადაც ჩემი ძმა ფლობს 10-ნომრიან სასტუმროს, და რაც მთავარია, შენობის მეპატრონეს და დირექტორს, ბატონ ლომგულ ჭკუასელს ეუბნებიან, რომ იქ უნდათ სასწავლო ცენტრის გახსნა. ამავე ოფისში წლების მანძილზე არსებობდა სასწავლო ცენტრი და დიდი ხანია ეს ოფისი ვერ ქირავდებოდა, შესაბამისად გამქირავებელს ეჭვი არ გაუჩნდა და მიაქირავა ვინმე არახამიას ეს ოფისი. ზუსტად სამ კვირაში, სანამ ჯერ შსს რამე ოპერაციებს ჩაატარებდა ქოცპროპაგანდისტმა ექსპერტებმა, მაგალითად ბატონმა სალუქვაძემ, ქოცებთან დაკავშირებულმა მედიასაშუალებებმა, მაგალითად "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ყალბი ინფორმაცია, თითქოს ეს იყო ჩემთან დაკავშირებული რაიმე ქოლ-ცენტრი. [...]
ჩვენ გვაქვს საქმე იმიტირებულ ქოლ-ცენტრთან, რომელიც, ეს სპეცოპერაცია თავიდან ბოლომდე დაგეგმა სპეცსამსახურებმა, სუსმა და რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გამქრალია, არსად არ არსებობს, ვერავინ ვერ პოულობს და სავარაუდოდ, როგორც ამბობენ, საერთოდ ქვეყნიდან გაიყვანეს.
მინდა მივმართო შსს-ს, სუსს, პროკურატურას - ამ საქმესთან დაკავშირებით ვინმე არის საერთოდ დაკითხული ან დაკავებული?! ვინმე არის პასუხისგებაში მიცემული?! ვინ ჩაიდინა დანაშაული, თუ ასეთი დანაშაული არსებობს?!" - თქვა ვაშაძემ.