ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატების შერჩევის პრეროგატივა პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება - ინიციატივა

გამოქვეყნდა:

საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივის მიხედვით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

გარდა ამისა, თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურსსაც პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს, ასევე საკონკურსო კომისიასაც ის შექმნის. 

კანონპროექტში წერია, რომ თუ პარლამენტი ცესკო-ს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.
 
ამავე კანონპროექტის თანახმად, 100 დეპუტატის ხმის ნაცვლად ცესკოს თავმჯდომარის დასამტკიცებლად 76 დეპუტატის ხმაც საკმარისი იქნება.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილმა ორჯერ დაბლოკა "ქართული ოცნების" მიერ შერჩეული ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატი, გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციას იკავებს. 

ოპოზიციაში ამბობენ, რომ "ქართული ოცნება" ყველა უკანონო მეთოდს იყენებს იმისთვის, რომ შეინარჩუნოს ძალაუფლება. 

"ქართულ ოცნებაში" კი განმარტავენ, რომ პირიქით, ეს ცვლილებები იმისათვისაა, რომ საარჩევნო კომისიაში მიმდინარე პროცესები გამჭვირვალე იყოს.

კანონპროექტის ინიციატორები არიან მამუკა მდინარაძე, გივი მიქანაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი შატაკიშვილი.

ავტორი: ნატალი ჯახუტაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი