გოცირიძესა და დეკანოიძეს კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა

გამოქვეყნდა:

დეპუტატებს რომან გოცირიძესა და ხატია დეკანოიძეს საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე უარი უთხრა. ამის შესახებ მათ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

დეკანოიძის თქმით, საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფის არსებობის შეეშინდა.

"როგორც საპროცედურო კომიტეტმა სრულიად კანონის საწინააღმდეგოდ განმარტა, მე და ბატონ რომანს ახალი პოლიტიკური ჯგუფის დარეგისტრირების საშუალება არ მოგვცეს, რაც იმას გულისხმობს, რომ რა თქმა უნდა, მათ შეეშინდათ კიდევ ერთი პოლიტიკური ჯგუფი საქართველოს პარლამენტში და გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ პოლიტიკური ჯგუფი ითვალისწინებს დამატებით ბერკეტებს და დამატებითი დროის გამოყენებას ოპოზიციის მიერ", - თქვა ხატია დეკანოიძემ.

კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, პოლიტიკური ჯგუფების შექმნის უფლება აქვს დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში ერთი პარტიის სიით მოხვდნენ და შემდეგ პარტია დატოვეს. ხოლო არსებული რეგლამენტით, ეს შესაძლებლობა არ ვრცელდება საარჩევნო ბლოკის სიით გასულ იმ დეპუტატებზე, რომელთა პარტიასაც პარლამენტში ფრაქცია აქვს შექმნილი. 

ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მსგავსი პრეცედენტი საქართველოს პარლამენტში არსებობს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი