"გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკის მონაწილე ახალგაზრდა, ოთო ხარაშვილი, რომელიც ბანაკის შესახებ "იმედის" ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ სამართალდამცველებმა გაჩხრიკეს, მომხდარის დეტალებს იხსენებს.
როგორც ის ამბობს, ბანაკიდან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ, როცა ის ფეხით სახლისკენ წავიდა - მას უცხო მანქანა გაჰყვა, რომელმაც შემდეგ გააჩერა და გაჩხრიკა.
"ჩამოვედი თბილისში, ჩამოგვიყვანეს ავტობუსით. ავტობუსიდან რომ ჩამოვედი, წავედი სახლისკენ ფეხით, გამომყვა რაღაც მანქანა, რომელმაც შემდეგ გამაჩერა. გადმოვიდნენ სამართალდამცველები, მაჩვენეს საბუთები, მკითხეს ასაკი - ანუ იცოდნენ რომ არასრულწლოვანი ვიყავი. შემდეგ გამჩხრიკეს ზედაპირულად, ჩანთა ამომალაგებინეს და შემდეგ წავიდნენ იმედგაცრუებულები, რომ ვერაფერი ვერ იპოვეს," - თქვა ოთო ხარაშვილმა.
ბანაკის ორგანიზატორები, "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრები ფიქრობენ, რომ ისინი იმიტომ გახდნენ ხელისუფლების სამიზნეები, რომ მათ გავლენა იქონიონ პოლიტიკურად აქტიური ბავშვების მშობლებზე.
"ჩემი აზრით ახლა პროპაგანდა იმიტომ მუშაობს ჩვენზე განსაკუთრებით, რომ აქტიურად მონაწილეობენ ახალგაზრდები ჩვენს ბანაკებში, მათ ინტერესი განსაკუთრებულად დიდია პოლიტიკისადმი და ჩემი აზრით ქართული ოცნების მთავარი ნიშაც ის არის, რომ მათ მოახერხონ პროპაგანდაც იმ ბავშვებზე, რომლის შვილებიც პოლიტიკურად აქტიურები არიან," - ამბობს "გირჩი - მეტი თავისუფლების" წევრი, თინათინ ბოლოკაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც მან განაცხადა, რომ "იმედის" ეთერში "გირჩი - მეტი თავისუფლების" ბანაკის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ სამართალდამცველები ბანაკის მონაწილე სტუდენტებს აედევნნენ და გაჩხრიკეს.
საუბარია სიუჟეტზე, სადაც "იმედი" ამტკიცებდა, რომ ბანაკში ბავშვებს შეიარაღებული გადატრიალებისთვის ამზადებდნენ.