"ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა", - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე დასავლელი პარტნიორების მოწოდებებს გიორგი რურუას გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ 8 მარტის შეთანხმება სრულად შესრულებულია, დასავლელი პარტნიორები კი ოპოზიციამ შეცდომაში შეიყვანა და საქართველოს პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავს.
რასაკვირველია, არანაირი საფრთხე საქართველოს და აშშ-ს სტრატეგიულ ურთიერთობას და მეგობრობას არ ემუქრება. 8 მარტის შეთანხმება შესრულებულია ჩვენი მხრიდან. სამწუხაროდ, ეს შეთანხმება დაარღვია ძველმა ოპოზიციამ... პოლიტიკური პატიმრები - ეს არის სპეკულაცია, რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს ამ სიტუაციაში, როდესაც არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა, - განაცხადა თალაკვაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და პირობა დადო, რომ კენჭისყრა დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება.
პროპორციულ სიას ჩვენ წარვადგენთ სექტემბერში მაქსიმალურად ვეცდებით, რომ პროპორციული სიის ფარგლებში ვუზრუნველყოთ როგორც ქალთა და მამაკაცთა თანაბარი მონაწილეობა პოლიტიკაში, ასევე მოვახდინოთ გუნდის განახლება, - აღნიშნა მან.