
გასული დღე-ღამის განმავლობაში უკრაინელმა ჯარისკაცებმა მტრის 42 შეტევა მოიგერიეს. ამის შესახებ უკრაინის გენშტაბის განახლებულ მონაცემებში ვკითხულობთ.
როგორც უწყება აღნიშნავს, რუსეთი აგრძელებს მისი ძირითადი ძალისხმევის კონცენტრირებას ლიმანის, ბახმუტის, ავდიევკას და მარინკას მიმართულებით. ყველაზე მძიმე ბრძოლები კი ბახმუტისა და მარინკასთვის მიმდინარეობს.
გენშტაბი ამბობს, რომ გასულ ღამეს რუსებმა მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინაზე. მათ უკრაინის ძალების პოზიციებზე და დასახლებებზე 30 სარაკეტო და 61 საავიაციო დარტყმა განახორციელეს, ხოლო 89-ჯერ გახსნეს ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან.
თავდასხმების შედეგად დაინგრა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. არიან დაშავებულებიც.