კეზერაშვილი ნაძარცვი ფულით აფინანსებს ოპოზიციას, თქვენ ტელევიზიებს - ღარიბაშვილი კრიტიკულ მედიას

გამოქვეყნდა:

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილი არის ოლიგარქი, რომელიც ნაძარცვი ფულით აფინანსებს მთელ ოპოზიციურ მოძრაობას და კრიტიკულ მედიებს.  კითხვაზე საპასუხოდ, აქვს თუ არა რაიმე მტკიცებულება კეზერაშვილის მიერ ოპოზიციური ტელევიზიების დაფინანსებაზე, ღარიბაშვილმა თქვა, რომ პრემიერია და ჟურნალისტებზე მეტ ინფორმაციას ფლობს.

ღარიბაშვილის თქმით, სჯერა რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე.

"ჩვენ ვხედავთ უსუსურ მცდელობას, ისედაც გაკოტრებული, ხელმოცარული ოპოზიციის მხრიდან, რომ რაიმენაირად, ეს დიდი სკანდალი, მსოფლიო დონის, საერთაშორისო მასშტაბის თაღლითობის სქემა, რომელიც იყო გაშიფრული და BBC-ის მიერ გამოძიებული, მე ვგულისხმობ კეზერაშვილის მიერ ჩადენილ საერთაშორისო დანაშაულს ე.წ ქოლცენტრების სქემის აწყობას, რომლითაც მილიარდი დოლარი იყო მოპარული, ჩვენ ამას ვამბობდით და ეს დადასტურებულია BBC-ის გამოძიების შედეგად. თქვენ ნახეთ, რომ კეზერაშვილმა და მისმა გარემოცვამ გაძარცვა მთელი ევროპის პენსიონერები, ერთი მილიარდი ევრო არის მოპარული. ამხელა სკანდალის გადაფარვას ცდილობენ ეს არასერიოზული ადამიანები, რა თქმა უნდა ეს საინტერესო არ არის, საინტერესო არის ის, რომ ჩვენი მეგობარი ევროპის ქვეყნების პენსიონერებისგან ამ კაცმა და მისმა კომპანიებმა მოიპარეს ერთი მილიარდი დოლარი. 

თქვენ იცით რომ კეზერაშვილი, რამდენიმე კვირით ადრე სანამ ეს ფაქტი იქნებოდა გასაჯაროებული, გამოვიდა და ფაქტიურად დაადასტურა, რომ ის არის ოლიგარქი, რომელიც აფინანსებს მთელს ოპოზიციას, სამწუხაროდ თქვენ ტელევიზიებსაც, ყველას, და ნაძარცვი ფულით აფინანსებს აი ამ მთელ ოპოზიციურ მოძრაობას. [ჟურნალისტს] თქვენ ყველაზე ამორალურ ცილს წამებთ ადამიანებს, რა ბრალდებებზე ლაპარაკობთ, კაცი გამოვიდა და თავად აღიარა, რომ მე ვაფინანსებო და დავაფინანსებო. ყველა ოპოზიციური არხი, ძირითადად, ეს ყველასთვის არის ძალიან კარგად ცნობილი, მე ვარ პრემიერმინისტრი და თქვენზე მეტი ინფორმაცია მაქვს. მთავარი თემა არის შემდეგი, რომ საზოგადოებამ ვერ მოისმინა პასუხი ახსნა-განმარტება, რომ აი ასეთი საუკუნის ძარცვა იქნა ჩადენილი კეზერაშვილის მიერ და ეს კაცი კიდევ გამოთქვამს პრეტენზიებს...ჩვენმა ხალხმა უნდა მიიღოს პასუხები, მე მჯერა რომ ევროპული საგამოძიებო სამსახურები ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე" - თქვა ღარიბაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი