
ვარშავაში, სამოქალაქო აქტივისტებმა პოლონეთში რუსეთის ელჩს, სერგეი ანდრეევს არ მისცეს უფლება, რომ საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეემკო.
პოლონური მედიის ცნობით, დემონსტრანტები ანდრეევს მემორიალთან ელოდებოდნენ, სადაც ასობით უკრაინის დროშა ჰქონდათ გამოფენილი.
როგორც გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ელჩს აქტივისტები აფეთქებების, საგანგაშო სირენის ხმითა და შეძახილებით - "რაშისტები", "ტერორისტები" - დახვდნენ.
ამავე დროს, ანდრეევმა თქვა, რომ მომხდარი "საერთოდ არ აბრაზებს". როცა ჟურნალისტებმა კითხეს, თუ აპირებდა კვლავ ეცადა მემორიალის ყვავილებით შემკობა, მან თქვა, რომ ამის შესაძლებლობა არ ეძლეოდა.
პოლონური მედიის ცნობით, მანამდე რუსულმა დიპლომატიურმა მისიამ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წერილი გაუგზავნა და გამარჯვების დღესთან დაკავშირებით "სამოქალაქო წესრიგის ორგანიზება" სთხოვა.
თავის მხრივ, წინა წლის გამოცდილების გათვალისწინებით, პოლონურმა მხარემ რუსი დიპლომატი გააფრთხილა, რომ ამ დღეს ცერემონია არ ჩაეტარებინა.
რუსეთის ელჩს პოლონეთში აქტივისტებმა გასულ წელსაც არ მისცეს შესაძლებლობა ყვავილებით შეემკო საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალი. მაშინ აქტივისტებმა რუს დიპლომატს წითელი საღებავიც შეასხეს.