"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რაიონულ ორგანიზაციების თავმჯდომარეების ნაწილი შიდა პარტიულ არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს და პოსტს ტოვებს. რაიონულ ორგანიზაციებში თავმჯდომარეობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა დღეს სრულდება. თანამდებობას ტოვებენ, ამბროლაურის, წალენჯიხის, ხობის, ახალციხის, ცაგერისა და ჭიათურის ორგანიზაციების თავმჯდომარეები, თუმცა ისინი პარტიის წევრებად რჩებიან.
მათი განმარტებით, შიდა პარტიული არჩევნები პარტიის გახლეჩის მიზეზი შეიძლება გახდეს და ამიტომ ამბობენ პროცესში მონაწილეობაზე უარს.
გარდა ამისა, მელია-ხაბეიშვილის ფლანგს შორის დაპირისპირება გრძელდება. ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ Facebook-ზე განაცხადა, ამბობს, რომ მასთან პარტიის მოქმედი მენეჯმენტი იყო მისული და უთხრეს, რომ თანამდებობიდან უნდა გაწეულიყო, რადგან ის ნიკა მელიას მხარდამჭერია.
"დემოკრატიული არჩევნებითა და დიდი დაპირებებით მოსული პარტიის "ახალი მენეჯმენტის" დემოკრატიულმა მართვამ ხუთი დღეც ვერ გაძლო.
სწორედ 5 დღეში ჩაატარეს ყრილობა და ნაცვლად არჩევისა "დანიშნეს" პოლიტსაბჭოს წევრები.
ახლა კი მოვიდნენ ჩემთან და მითხრეს - ია, ვიცით რომ ამ ბრძოლას ყველაზე რთულ დროს 2012 წელს შემოუერთდი, ხოლო რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე 2017 წელს, პარტიისთვის არანაკლებ რთულ დროს გახდი.
თუმცა რაკი შიდაპარტიულ არჩევნებში გამოხატე პოზიცია და იყავი ნიკა მელიას მხარეს, ხარ ლოიალური და თანამშრომლობ კობა ნაყოფიასთან - რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე უნდა იყოს სხვა, შენ კი გვერდით დაუდგე.
პარტიას გაძლიერების სახელით ასუსტებენ, ერთობის სახელით ხლეჩენ და დემოკრატიის სახელით, ჩრდილოვანი მართვის ქვეშ აქცევენ.
ჩემთვის მიუღებელია ასეთ დროს (როდესაც მიხეილ სააკაშვილის საკითხი დღე დღეზე უნდა გადაწყდეს), ასეთი ტიპის არჩევნებში მონაწილეობის მიღება.
ვტოვებ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობას;
ვრჩები პარტიის რიგით წევრად, მანამ სანამ პარტიას ჰყავს პოლიტპატიმრები და მიხეილ სააკაშვილი რუსი ოლიგარქის ტყვეობაშია." წერს ია ჯიშკარიანი
ენმ-ის შიდაპარტიული არჩევნები, სადაც 63 მუნიციპალიტეტში აპირებენ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეების არჩევას, 17-20 მაისს ჩატარდება.