
დროებით ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო "პრეზიდენტის" ალან გაგლოევის მტკიცებით, იგივე ქვეყნები რომლებიც ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობდნენ, ახლაც ნაცისტებს უჭერენ მხარს. გაგლოევის ამ განცხადებას რუსული სამთავრობო მედია ავრცელებს.
როგორც ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ამბობს, ნაცისტური გერმანია დამარცხდა, მაგრამ პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ნაწილში ნაცისტური სიმბოლოები და იდეოლოგია ჩვეულებრივი რამ გახდა.
ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულმა ლიდერმა საქართველოზეც ისაუბრა. მან საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას ნაცისტი უწოდა და თქვა, რომ 90-იან წლებში გამსახურდიას მეთაურობით ნაცისტებმა საქართველოს ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში.
"ნაციზმის თაყვანისმცემლების შეწყალებამ, მათ დანაშაულებზე გაჩუმებისა და უარყოფის მცდელობამ, გამსახურდიას მეთაურობით ნაცისტების მიერ საქართველოში ხელისუფლების ხელში ჩაგდება გამოიწვია 90-იან წლებში, მოგვიანებით კი უკრაინაში, ბანდერას იდეოლოგიური მემკვიდრეების მიერ ხელისუფლებაში მოსვლა, რომლებმაც ტერორი და ომი წამოიწყეს ყველას წინააღმდეგ, ვინც გაბედა და წინ აღუდგა მათ. მათ მმართველობას მრავალი ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა...
დღეს, დონბასის მიწაზე და ზაპოროჟიეში ბრძოლა კვლავ მიმდინარეობს ნაციზმის წინააღმდეგ. და კვლავ, ნაცისტების მხარეს, ჩვენ ისევ ვხედავთ იგივე ქვეყნებს, რომლებმაც ითანამშრომლეს ჰიტლერთან და ნაცისტური გერმანიის პირდაპირი მხარდამჭერები იყვნენ," - თქვა გაგლოევმა.
რუსული მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ ქვეყნები რომლებიც ადრე ნაცისტურ გერმანიას უჭერდნენ მხარს, ახლა "უკრაინის ნაცისტურ რეჟიმს" ეხმარებიან.
მისივე თქმით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს "ოსი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან".
"ფართოდ გავრცელებული აგრესიის საპასუხოდ, დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში ნაცისტების წინააღმდეგ მებრძოლი ძალების გვერდით დგანან საერთაშორისო ჯგუფების მოხალისეები, მათ შორის ოსი მებრძოლები. ოსი ჯარისკაცები გმირულად იბრძვიან რუსი ძმების გვერდით. გამარჯვებამ ამ დიდებულ პატრიოტულ ომში გვაჩვენა, რომ არცერთ ბნელ ძალას არ შეუძლია შეეწინააღმდეგოს ერთობას და სოლიდარობას, სხვადასხვა ეროვნების, სხვადასხვა რწმენის ხალხის ძმობას. ჩვენ გავაგრძელებთ ურყევ ერთგულებას ჩვენი დიდი ბაბუების ანდერძისა, რომლებმაც დაამარცხეს ნაციზმი, ჩვენ გავაძლიერებთ ერთობას რუსეთთან," - თქვა დროებით ოკუპირებული რეგიონის მარიონეტულმა მმართველმა.