
ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ცესკოს წინააღმდეგ დისკრედიტაციის კამპანია მიმდინარეობს.
როგორც ცესკოში გამართულ ბრიფინგზე, კომისიის პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა, უწყების მიმართულებით ხშირად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს საქართველოში არჩევნები ყალბდება და რომ თითქოს ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესებს ატარებს, თუმცა ამის დამადასტურებელი ფაქტები არავის წარმოუდგენია.
"პერმანენტულად ისმის ბრალდებები, რომ თითქოს ქვეყანაში არჩევნები ყალბდება, რომ ადმინისტრაცია ხელისუფლების ინტერესს ატარებს, თუმცა არასდროს არცერთ მათგანს არ წარმოუდგენია გაჟღერებული ბრალდების დამადასტურებელი ფაქტები, ადამიანებს რომლებიც დემოკრატიის მაღალ სტანდარტზე საუბრობენ, სამწუხაროდ ავიწყდებათ ის უდანაშაულობის პრეზუმფცია საარჩევნო ადმინისტრატორებთან მიმართებაში და საკუთარი განცხადებებით არა მხოლოდ კონკრეტული პიროვნებების, არამედ ზოგადად საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას ახდენენ," - ამბობენ ცესკოში.
უწყებაში გამართულ ბრიფინგზე არ უხსენებიათ მმართველი პარტიის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის პრეროგატივა მას ჩამოერთმევა, ხოლო ამ ფუნქციას მის მაგივრად პარლამენტის თავმჯდომარე შეითავსებს.