
BBC-ის ინფორმაციით, პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იმრან ხანი კორუფციის ბრალდებით დააკავეს.
როგორც მედია წერს, პაკისტანის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი გასამხედროებულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქ ისლამაბადში, სასამართლოს შენობაში შესვლის შემდეგ დააკავეს. იმრან ხანი ბრალდებას უარყოფს. მისი თქმით, საქმე პოლიტიკურად ანგაჟირებულია.
ცნობისთვის, პაკისტანის ყოფილი პრემიერი ხელისუფლებას ჩამოაშორეს, მის წინააღმდეგ ათობით საქმე აღიძრა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ძალებმა არაერთხელ სცადეს იმრან ხანის დაკავება ლაჰორის რეზიდენციაში, მაგრამ მხარდამჭერებმა სამართალდამცველებს მისი დაკავების უფლება არ მისცეს.
შეგახსენებთ, იმრან ხანი პაკისტანის პრემიერ-მინისტრი 2018 წელს გახდა. მედიის ცნობით, ის პაკისტანის არმიას დაუპირისპირდა, დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში და გასული წლის აპრილში გადააყენეს თანამდებობიდან.
მას შემდეგ, რაც იმრან ხანი მთავრობისგან დისტანცირდა, ის ქვეყნის ხელისუფლებისა და არმიის აქტიურ კრიტიკოსად იქცა.