
"რას ნიშნავს ერთადერთი დაკავებული ჟურნალისტის საქმე საქართველოსთვის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე" - ამ სათაურით სტატიას "ამერიკის ხმა" აქვეყნებს, რომელიც "მთავარი არხის" დამფუძნებელ, ნიკა გვარამიას საქმეზე წერს.
სტატიაში ნათქვამია, რომ "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც თავისი საქმის გამო იხდის სასჯელს, ევროკავშირისთვის კი ეს წითელი ხაზია.
"ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის მონაცემებით, გვარამია ერთადერთი ჟურნალისტია საქართველოში, რომელიც ციხეში თავისი საქმის გამო ზის. ევროკავშირის დიპლომატები და სხვებიც მის შემთხვევაში ხედავენ წითელ ხაზებს მედიის თავისუფლებისთვის. ზოგიერთები ამბობენ, რომ გვარამიას გასამართლება უკავშირდება ღია მცდელობებს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს.
ოდესღაც საქართველო ყოფილ საბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი თავისუფალი ქვეყანა იყო, მაგრამ ბოლო წლებში გაძლიერდა შეშფოთება - ხომ არ შორდება ქვეყანა დასავლეთს კორუფციის, დემოკრატიის უკუსვლისა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ღია გავლენების ფონზე.
როგორც კრიტიკოსები ამბობენ, ის ჯერ კიდევ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად თანამდებობას არ იკავებს. ზოგიერთი მოსაზრებით კი „ქართული ოცნება“, შესაძლოა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ძალიან ვიწრო ბილიკზე გადის იმის შიშით, რომ მეზობელი არ გააბრაზოს", - ნათქვამია სტატიაში.
არის თუ არა გვარამიას დაპატიმრება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეფერხების ღია მცდელობა - ამის თაობაზე "ამერიკის ხმამ" შეერთებულ შტატებში საქართველოს საელჩოს ჰკითხა. საელჩოში ამბობენ, რომ საქართველო ევროინტეგრაციის გზის ერთგულია და განცხადებები იმის თაობაზე, თითქოს გვარამია იმიტომ დააკავეს, რომ ქვეყანამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ვერ მიიღოს, ცრუ ინფორმაციებს ეფუძნება.
საელჩო ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოში მედია თავისუფალია, თუმცა აქვე ამერიკის ხმა იშველიებს ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრებს გარეშე" -ს მიერ მომზადებულ ანგარიშს, რომელშიც ნათქვამია, რომ ოფიციალური პირების ჩარევა ძირს უთხრის პრესის თავისუფლების გაუმჯობესების მცდელობებს საქართველოში და დამოუკიდებელი და ოპოზიციური მედიისთვის გარემო სულ უფრო მტრული ხდება.