
"ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე TV იმედის ეთერში საუბრობს.
რაც შეეხება ქართულ მხარეს, ქართული მხარე სანქციებს არ აწესებს რუსეთის მიმართ, ამაზეც ჩვენი პოზიცია გვაქვს განმარტებული, რატომ არ ვაკეთებთ ამას, მიზეზი არის მარტივი აქაც. მიზეზი არის ის, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებით, ჩვენ სინამდვილეში საკუთარ ქვეყანას და საკუთარ ხალხს დავუწესებთ სანქციას, რასაც არ გავაკეთებთ ბუნებრივია. ჩვენ დათვლილი გვაქვს, რას გამოიწვევდა რუსეთისთვის სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკისთვის, - თქვა კობახიძემ.
მისივე თქმით, პუტინის გადაწყვეტილებით, დღეს რუსეთის მიერ "ქართველი ხალხის მიერ დაწესებული სანქციები მოიხსნა".
ჩვენ მოგვიწია თავის დროზე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება, ჩვენი პოზიციის დაფიქსირება იქიდან გამომდინარე, რომ რუსული მხრიდან იყო გაჟღერებული ეს პოზიცია. ჩვენი პოზიცია იყო მარტივი - არის მილიონამდე საქართველოს მოქალაქე ან ქართველი, საქართველოდან გასული პირი, რომელიც ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ამ ადამიანებს უწევთ დღეს სხვა ქვეყნების გავლით საქართველოში ჩამოსვლა, რაც აძვირებს ხარჯებს, ქმნის დისკომფორტს და ასე შემდეგ.
რეალურად, რუსეთმა ამ ადამიანებს დაუწესა სანქცია, სასჯელი 2019 წელს და დღეს რაც ვიხილეთ, არის ამ სანქციის მოხსნა. გარკვეული სასჯელი იყო დაწესებული საქართველოს მოქალაქეებისთვის, მილიონამდე ადამიანისთვის, რომელიც არის პოტენციური მოსარგებლე, ასე ვთქვათ, ამ საკითხით და საბოლოო ჯამში, დღეს ეს სანქცია მოიხსნა.
ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვერ გვექნებოდა ვერავითარი პოზიცია, რადგან ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება თავის დროზე, როცა სანქცია დაწესდა და დღესაც ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება, - ამბობს კობახიძე.