საქართველო არ შეუერთდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს - ჯაბაროვის თქმით, ფრენების აღდგენა კარგი ტენდენციაა

გამოქვეყნდა:

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, ვლადიმერ ჯაბაროვი ამბობს, რომ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმება და პირდაპირი ფრენების აღდგენა "კარგი ტენდენციაა".

ჯაბაროვის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველები არ დაემორჩილნენ აშშ-ისა და ევროკავშირის "ზეწოლას" - "ისინი არ შეუერთდნენ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს. და იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები მხოლოდ აღმავალი წესით განვითარდება".

"ვფიქრობ, კარგი ტენდენციაა. ჯერ ერთი, ქართველები განაწყენებული იყვნენ რუსეთის ფედერაციაში ვიზის აღების რთული პროცედურის გამო, როდესაც ამავდროულად რუსებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ პასპორტით, თითქმის თავისუფალი შესვლა იყო.

მეორეც, ჩვენ გვაკავშირებს მრავალწლიანი მეგობრობა ამ ხალხთან, რომელმაც თავის დროზე რუსეთის მეფეს ოსმანთა იმპერიისგან დაცვა სთხოვა. გარდა ამისა, ჩვენ გვაერთიანებს საერთო ბრძოლა დიდ სამამულო ომში. ქართველები საბჭოთა კავშირის ხალხებთან ერთად ძალიან გაბედულად, პატიოსნად და მამაცურად იბრძოდნენ ჩვენი საერთო სამშობლოსთვის", - ამბობს ჯაბაროვი.

მისივე მტკიცებით, ფრენების აკრძალვა კი იმ "რუსოფობიურ" პროვოკაციაზე პასუხი იყო, რომელიც საქართველოს პარლამენტში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა დაგეგმეს 2019 წელს.

ცნობისთვის, ფრენების აკრძალვა დუმის დეპუტატ გავრილოვთან დაკავშირებულ მოვლენებს მოჰყვა. 2019 წლის ივნისში საქართველოს პარლამენტში იმართებოდა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა, რომლის თავმჯდომარეც დუმის დეპუტატი იყო. 19 ივნისს მან პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც ათასობით ადამიანის პროტესტი მოჰყვა. ხელისუფლებამ 20 ივნისს აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი