
მთავრობის ცნობით, დემოგრაფიულ საკითხთა განმხილველი საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა. საბჭოს პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით შემუშავებულ ინიციატივებზე, ყურადღება გამახვილდა სხვადასხვა პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაზე, ასევე უკვე არსებული პროგრამების დახვეწაზე.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ თქვა, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდება პაკეტი, რომელსაც მომდევნო სხდომაზე წარადგენენ.
"საბჭოს პირველი სხდომა გაიმართა დღეს. წარმოდგენილი იქნა ის ძირითადი ტენდენციები, რაც აღინიშნება დემოგრაფიული კუთხით და ასევე ინიციატივები, რაც უკვე მიმდინარეობს ჯანდაცვის, განათლებისა და სოციალური მიმართულებით. ვიმსჯელეთ საჭირო გაუმჯობესებებზე, საერთაშორისო პრაქტიკაზე და იმ აუცილებელ ცვლილებებზე, რაც ხელს შეუწყობს დემოგრაფიული ტენდენციების გაუმჯობესებას მომავალში. შედგა შეთანხმება, რომ უმოკლეს ვადაში მომზადდეს პაკეტი, რომელიც წარმოდგენილი იქნება მომდევნო სხდომაზე განსახილველად", - თქვა გაბუნიამ.