გაკვეთილი ქართველებმა ვერ ვისწავლეთ, თორემ ამათ არც მონდომება აკლიათ და არც კურთხევა - აგერ, თუ არა. რუსის ნამდვილ ბატიუშკას თუნდაც ალილო შეცდეს, მიზანს არას დიდებით არ ააცდენს.
ბატიუშკა უნდა ტყვიით მოგკლავს, უნდა-სიტყვით. შენს მშვიდობიან მოსახლეობას სალდათებს დაახოცინებს და ამ სალდათების საუკუნო ხსენებას მთავარ სამხედრო ტაძარში ადიდებს.
შეიარაღებული კონფლიქტები აფხაზეთში, ტაჯიკეთსა და დნესტრისპირეთში, ჩეჩნეთის პირველი და მეორე ომები, მშვიდობისთვის საქართველოს იძულება, ტერორიზმთან ბრძოლა სირიაში, ყირიმის შემოერთება
ეს ხატის წარწერა. თავად ხატი კი, განსაკუთრებით მოსაფერებელი. მეტი დეტალისთვის ფოტოს დააკვირდით. სხვადასხვა ეპოქის რუსი ჯარისკაცები კალაშნიკოვის სხვადასხვა მოდიფიკაციით. ესენი ყოფილან გმირები, რომელთაც იბრძოლეს ზემოთჩამოთვლილ და უამრავ კიდევ სხვა ომში, რომლებშიც რუსული და საბჭოთა არმიის მონაწილეობა უმრავლესობას იქნებ გაგონილიც არ ჰქონდეს. მაგალითად, იცოდით, რომ საბჭოთა ჯარი ბანგლადეშში ომობდა? ლიბანში? ჩადში? ან რომ 1956 წელს უნგრეთში და 1968 წელს ჩეხოსლოვაკიაში შეიარაღებულ კონფლიქტებს აწყნარებდა? ახლა გაიგებთ. რუსული ეკლესია დღეიდან ზუსტად ასე მოიხსენიებს საბჭოთა ჯარის შეჭრას ამ ქვეყნებში. ათასობით დახვრეტილი და მუხლუხოებით გასრესილი ადამიანით,
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი ტაძარი ერთი თვის წინ აკურთხეს და სამხედრო აღლუმი, სერგეი შოიგუსთან ერთად, პატრიარქმა კირილემ ჩაიბარა. ოღონდ, მხოლოდ ეს რომ იყოს უცნაური, რა გვიჭირდა. სობორო ქრისტიანული კიჩია - სრულიად წარმოუდგენელი ფერის, მასშტაბებისა და ინტერიერის ნაგებობა. ფრესკებით, რომლებიც ქართველთა, ჩეჩენთა, ავღანელთა, ეთიოპიელთა, მოლდოველთა, უკრაინელთა, აზერბაიჯანელთა, სირიელთა, სხვათა და სხვათა ეთნიკური წმენდის ჩამდენ ჯარისკაცებს განადიდებს. ემბაზით, რომელიც ჯაკუზის უფრო ჰგავს და საეკლესიო მუზეუმით, რომელშიც კაციჭამიების ტანსაცმელი საკრალურ რელიქვიად აქვთ შენახული.
„ტაძარში ნამდვილი რელიქვიები ინახება. მაგალითად, ჰიტლერის სამხედრო ფორმა და ქუდი“
რუსის მღვდლებს თუ ვერ გაურკვევიათ, რა არის ჭეშმარიტად ქრისტიანული სიწმინდე, გენერლებს რას სთხოვთ. ადგნენ და ისტორიული ხატი, პირდაპირი მნიშვნელობით, წაბილწეს.
ხალხი, რომ ხატებს შაშხანის კონდახებზე წერს, იმას როგორ და რა უნდა მისწერო, რა და როგორ უნდა აუხსნა? ისტორიის გაყალბებაზე მითითება თუ ვინმემ უნდა ითავოს, ქართული საპატრიარქოს წარმომადგენელმა მოსკოვში. თუმცა ისე მოხდა, რომ კახაბერ გოგოტიშვილი საქართველოში ჯერ კიდევ იქამდე დაბრუნდა, სანამ ტაძარს გახსნიდნენ და აკურთხებდნენ
რა შეიცვლებოდა, მოსკოვში მივლენილ ქართველ დეკანოზს ეთნიკური წმენდისა და ოკუპაციის მადიდებელი ხატის ამბავი ადრევე, რომ სცოდნოდა? შეიმჩნევდა საპატრიარქო? მოინდომებდა ახალ საეკლესიო ბრძოლაში ჩართვას?
ჩვენც ღმერთის იმედით შევყურებთ. თორემ სხვა გულშემატკივარი არ გვიჩანს. რამდენიც უნდა უკმიო გუნდრუკი ოკუპანტს და ბრძენი უძახო.
ასე ფიქრობდა ვლადიმერ გუნდიაევი 2008 წელს, როდესაც საპატრიარქოს მეორე კაცი იყო. რამდენიმე თვეში პირველი რომ გახდა, კოკოითი პირზე კოცნით მიიღო და ქართველთა დახოცილი უდანაშაულო ოსების ხსენებით დაიწყო.
ილია მეორემ, რომელსაც საერო და სასულიერო განათლება მთლიანად რუსეთში აქვს მიღებული, ზუსტად იცის ყველა თაობის ნაჩალნიკთა აზრი. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ბოროტი ძალა რომ არ ჩარეულიყო და ორი ერთმორწმუნე ძმა არ წაეჩხუბებინა და ვინაა ეს ბოროტი ძალა? თქმაც არ უნდა- დასავლეთი, მართლმადიდებლობის მთავარი მტერი. ზუსტად ამას და ასე ამბობენ პუტინი, კირილე, დუგინი.
ჯვრის უღელტეხილზე პანორამა შორეულ 1983 წელს გახსნეს. დღეს რომ მოგვწეოდა გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილე, მოგვიწევდა 9 აპრილის, რამდენიმე ომის, 300 ათასი დევნილისა და მავთულხლართების დამატება, ქართულ სოფლებს რომ აპობს შუაზე.
გავრილოვი ერთ წელიწადში კი არა, ერთ ღამეში კრებით სახელად იქცა. ყველასი, ვინც ჯვარს ეფარება და აჭრის საქართველოს მიწებსა და მომავალს. ზუსტად ასეთი გავრილოვია პატრიარქი კირილე, ქრისტეს ნაცვლად, პუტინის მონა.
2018 წელს მოსკოვის საპატრიარქომ ცხინვალში ტაძარი ააშენა და წირვა-ლოცვაც დაიწყო. ეს კი პირდაპირ ნიშნავს კანონიკური ტერიტორიის წაგლეჯას. ძმური სიყვარულით.
როდესაც პუტინმა ვითომ იხუმრა, რუსეთი არსად მთავრდებაო, მხოლოდ ჟურნალისტებმა და პოლიტოლოგებმა შეიმჩნიეს. ახლა, როდესაც თეორიას უკვე ფორმა მისცა, რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი ნამდვილად უნდა აღელდეს.
ვინც ამ კაცს იცნობს, მიხვდება, რომ ეს ღია მუქარაა. რომლის ასრულებაც დაწყებულია. აფხაზეთის, შიდა ქართლის, დნესტრისპირეთის შემდეგ უკრაინის ჯერი დადგა. ლუკაშენკო თუ ჭკუით არ იქნება, რუსეთის მიწა ბელორუსსაც აღმოაჩნდება. ისევე, როგორც ლიეტუვას. ყველაზე მეტის დაკარგვა კი ყაზახეთს ემუქრება, რომლის ახალი დედაქალაქი, ნურსულთანი ოდესღაც სამხრეთ ურალს ეკუთვნოდა.
თუ რუსეთი არსად მთავრდება, ის მაინც ვიკითხოთ, სად იწყება. ეს პატარა ნიშანი, რომელიც ძველი რუსული ციხესიმაგრის კონტურებს იმეორებდა, ქალაქ ადლერში რამდენიმე დღის წინ მოანგრიეს. ძეგლი მე-19 საუკუნეში ჩრდილოეთ კავკასიის დაპყრობას ეძღვნებოდა და სრულიად გაახელა ადგილობრივი ჩერქეზები, რომელთა წინაპრებიც ამოხოცეს ან თურქეთში განდევნეს. დაუზუსტებელი მონაცემებითაც კი, კავკასიიდან მილიონ ორასი ათასზე მეტი ადამიანი გაასახლეს. ასე იქცა ადლერი და სოჭი ძირძველ რუსულ მიწად
ადლერი და სოჭი მაგალითია, შენს მიწას რუსი თუ თვალსა და ჩექმას დაადგამს, არც შენ დაგინდობს და არც თავისას. მარშალ ჟუკოვის ისტორიული დევიზით - "ნაში ბაბი ეშჩო ნაროჟაიუტ". შემდეგ კი დაღუპულ ჯარისკაცებს რომელიმე სობოროს რომელიმე ფრესკაზე გამოსახავს. აგერ, ჰკითხეთ მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ წარმომადგენელს საქართველოში, ვლადიმერ ალექსანდროვს, მარჯანიშვილზე რუსულ ტაძარში რომ მსახურობს. ფრესკა? საქართველოს იძულება მშვიდობისთვის? ოკუპაცია?
საუბარი მთავრდება, რუსეთი არ მთავრდება. არც დამთავრდება იქ, სადაც ოტეც ვლადიმირი სწირავს, სადაც "ტოვარიშჩ" გავრილოვი სპიკერის სავარძელში ზის. სადაც ხელისუფლება ტელეწამყვანის გამო პუტინს კუდის ქიცინით უხდის ბოდიშებს, სადაც პატრიარქი ამტკიცებს, რომ პუტინი ბრძენია და საქართველო ძალიან უყვარს, სადაც ნაკრების კაპიტანს ოკუპანტი არმიის კლუბში გადასვლისა არ სცხვენია და სადაც ქვეყნის მმართველ ოლიგარქს ამერიკელი სენატორები და ევროპარლამენტარები ამ პუტინის მოკავშირეს ღიად უწოდებენ. პირდაპირი მნიშვნელობით, ჩვენი ცოდვით სავსე რუსის მთავარ სობოროში თავიდან ვლადიმერ ვლადიმერის ძის ფრესკაც კი გამოსახეს, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ დრო ჯერ არ დამდგარა. არა უშავს - დრო კიდევ არის და ამ ფრესკის ბოლო სტრიქონზე სამი-ოთხი სამომავლო ომი კიდევ თავისუფლად დაეტევა. ჭეშმარიტი რუსული პრავასლავნიკობისა და ძმური სიყვარულის სიმბოლოდ.