
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი 13 მაისის შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში, რუსი გამომძიებლები სამოქალაქო პირების დამამცირებელ დაკითხვებს აწარმოებენ.
"რუსეთის საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ზეწოლას უკრაინის მოქალაქეებზე და არღვევენ ადამიანის უფლებებს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
კერძოდ, მარიუპოლში, პოლიციის სამმართველოს ტერიტორიაზე, ადგილობრივი მოსახლეობის დაკითხვაში რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის 50-მდე წარმომადგენელი იყო ჩართული.
ისინი აწარმოებენ დამამცირებელ დაკითხვას, რომელსაც თან ახლდა მშვიდობიანი მოსახლეობის შეურაცხყოფა", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.
გენშტაბი ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპანტები დროებით ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებულ ინფრასტრუქტურებს თავიანთი დაჭრილი სამხედროების დასახმარებლად იყენებენ.
"ცოტა ხნის წინ ხერსონის რაიონის სოფელ ტავრისკეში, საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე დამპყრობლებმა საველე ჰოსპიტალი მოაწყვეს. წინა დღით იქ 3 სამხედრო სატვირთო მანქანა ჩავიდა, რომელშიც დაჭრილი ოკუპანტები იმყოფებოდნენ", - წერს გენშტაბი.