
კვირას, 14 მაისს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, 6 ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს დაუპირისპირდება.
ექსპერტები ამბობენ, რომ ეს არჩევნები ერდოღანისთვის დიდი გამოწვევა იქნება, რომელმაც შესაძლოა მისი 20-წლიანი მმართველობა დაასრულოს.
თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.
ანალიტიკოსები წლევანდელ არჩევნებში ამომრჩეველთა რეკორდულ აქტივობასა და ერდოღანსა და ქემალ კილიჩდაროღლუს შორის დაძაბულ რბოლას პროგნოზირებენ.
თურქული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე დაყრდნობით წერს, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა 1.8 მილიონზე მეტმა ამომრჩეველმა თავისი ხმა 17 აპრილს უკვე დააფიქსირა.
თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. საპრეზიდენტო კანდიდატები შეუძლიათ წარადგინონ პარტიებმა, რომლებმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი გადალახეს ან მათ, რომლებმაც შეაგროვეს მინიმუმ 100 000 ხელმოწერა მათი კანდიდატურის მხარდასაჭერად.
პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
საპარლამენტო არჩევნები საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ტარდება. თურქეთში პროპორციული სისტემა მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ 600-მანდატიან საკანონმდებლო ორგანოში ადგილების რაოდენობა პირდაპირპროპორციულია მის მიერ მოპოვებული ხმებისა.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა უნდა მიიღონ ხმების არანაკლებ 7 პროცენტი - დამოუკიდებლად ან სხვა პარტიებთან ალიანსში.
ამომრჩევლებს ხმის მიცემა კვირას, 14 მაისს, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათიდან 17:00 საათამდე შეეძლებათ. პირველადი შედეგები სავარაუდოდ, ადგილობრივი დროით 21:00 საათზე გახდება ცნობილი.