21 დეპუტატი, რომელსაც პარლამენტში 2019 წელს ხმა არ ამოუღია

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პარლამენტის მონიტორინგის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოს პოლიტიკურ და კანონშემოქმედებით საქმიანობას აფასებს. კვლევის მიხედვით, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრამდე 21 დეპუტატს სიტყვის გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია. აღნიშნული 21 დეპუტატიდან 18 "ქართული ოცნების" წევრია.

სიტყვით გამოსვლის უფლებით საერთოდ არ უსარგებლია 21 დეპუტატს, ესენია:

  • ირაკლი აბუსერიძე - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • ლევან ბეჟანიძე - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • რუსლან გაჯიევი - უმრავლესობა, მაჟორიტარი; 
  • მახირ დარზიევი - უმრავლესობა;
  • მუხრან ვახტანგაძე - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • ზაზა კედელაშვილი - ევროპული საქართველო; 
  • თეიმურაზ კოხრეიძე - უმრავლესობა;
  • იოსებ მაკრახიძე -  უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • სამველ მანუკიანი - უმრავლესობა;
  • ენზელ მკოიანი - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • გიორგი მოსიძე - დამოუკიდებელი წევრი, მაჟორიტარი;
  • რომან მუჩიაშვილი - უმრავლესობა, მაჟორიტარი; 
  • რამაზ ნიკოლაიშვილი - დამოუკიდებელი წევრი;
  • რუსლან პოღოსიანი - უმრავლესობა;
  • დიმიტრი სამხარაძე - უმრავლესობა;
  • ერეკლე ტრიპოლსკი - უმრავლესობა;
  • გოდერძი ჩანქსელიანი - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • არჩილ ხაბაძე - უმრავლესობა;
  • ირაკლი ხახუბია - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • ელგუჯა გოცირიძე - უმრავლესობა, მაჟორიტარი;
  • ვიქტორ ჯაფარიძე - უმრავლესობა.

კვლევაში საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა გავრილოვის სტუმრობას საკანონმდებლო ორგანოში.  

გამოწვევა იყო გავრილოვის ღამე, რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ამ ყველაფერს მოყვა ძალიან უარყოფითი მოვლენების განვითარება, რაც იყო პრობლემა. მეორე უარყოფითი რამ და გამოწვევა უკავშირდება უზენაეს სასამართლოს და მოსამართლეების არჩევას და პროცესებს, რომლებიც განვითარდა ამ მიმართულებით; ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს საარჩევნო რეფორმის ჩავარდნა, რამაც ასევე ცუდი მოვლენების განვითარება გამოიწვია, - ამბობს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 

"საერთაშორისო გამჭვირვალობის" საპარლამენტო მდივნის ლიკა საჯაიას თქმით, რამდენიმე დადებითი ტენდენციაც გამოიკვეთა, კერძოდ, ახალი რეგლამენტის მიღება, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა საპარლამენტო კონტროლის მექანიზმები, ასევე დადებითი ასპექტია, მისი განცხადებით, ინტერპელაციის, მინისტრის საათისა და თემატური მოკვლევის ჯგუფების დანერგვაც. 

ანგარიშში, ასევე, აღნიშნულია, რომ საკანონმდებლო ორგანოში ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე ჩამოყალიბებული არ არის ეთიკის საბჭოს შემადგენლობა, რაც კოდექსით გათვალისწინებული ნორმების აღსრულებას საფრთხეს უქმნის.

პრობლემაა მთავრობის წევრებისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა თანამდებობის პირების პასუხისმგებლობაც. მაგალითად, ანგარიშის მიხედვით, მინისტრები დროულად და სრულად არ პასუხობენ სადეპუტატო კითხვებს - 925 დასმული კითხვიდან 139 კითხვას პასუხი არ გაეცა. 

2019 წელს საგამოძიებო კომისიის შექმნის 4 მოთხოვნა დარეგისტრირდა, თუმცა არცერთი ინიციატივისთვის პლენარულ სხდომაზე კენჭი არ უყრიათ. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ პარლამენტს არ განუხორციელებია მთავრობის მიერ წარდგენილი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმის მონიტორინგი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი