
დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი საქართველოშია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში დანიის პირველი დიპლომატის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ,თეიმურაზ ჯანჯალიამ და დანიაში საქართველოს ელჩმა, ნატა მენაბდემ.
ვიზიტის ფარგლებში, დანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრა როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. გარდა ამისა, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას გამართავს საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
ლარს ლოკე რასმუსენს თან ახლავს დანიელ ბიზნესმენთა დელეგაცია, გაიმართება მინისტრის და დელეგაციის შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ლევან დავითაშვილთან.
ვიზიტის ფარგლებში დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგასთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, ოფიციალურად გახსნის საქართველოში დანიის საელჩოს.
ამასთან, ლარს ლოკე რასმუსენი საოკუპაციო ხაზს ეწვევა და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.