თურქეთში საარჩევნო უბნები რამდენიმე წუთის წინ დაიხურა. ხმის მიცემა დასრულებულია. ახლა ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს და რამდენიმე საათში უკვე ცნობილი იქნება, ვინ გახდება თურქეთის პრეზიდენტი.
არ არის გამორიცხული, დღეს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა დასრულდეს. ერდოღანთან ერთად, პრეზიდენტობისთვის ოპოზიციური პარტიის საერთო კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ და ატას ალიანსიდან სინან ოგანიც იბრძვის. თურქეთის მოსახლეობამ პრეზიდენტთან ერთად და ახალ საპარლამენტო შემადგენლობასაც მისცა ხმა.
თურქეთში არჩევნები ხუთ წელიწადში ერთხელ იმართება. პრეზიდენტი ხდება კანდიდატი, რომელიც პირველ ტურში ამომრჩეველთა ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს, თუმცა თუ ხმათა უმრავლესობას ვერცერთი კანდიდატი ვერ მიიღებს, არჩევნების მეორე ტური გაიმართება იმ ორ კანდიდატს შორის, რომლებიც პირველ ტურში ყველაზე მეტ ხმას მოაგროვებენ.
თურქეთში არჩევნები სერიოზული ეკონომიკური კრიზისის ფონზე იმართება. ამას ასევე თან ახლავს, თებერვალში თურქეთში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრა, რის გამოც ერდოღანსა და მის პარტიას ფართოდ აკრიტიკებდნენ და სამძებრო-სამაშველო ოპერაციების არასწორად წარმართვაში ადანაშაულებდნენ.