"ქართული ოცნების" რუსული კურსის აღიარება პირდაპირ პუტინის ხელმოწერით - რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეებისთვის გააუქმა სავაზიო რეჟიმი და აღადგინა პირდაპირი ავიამიმოსვლა. კრემლის პროპაგანდისტებიც და "ქართული ოცნების" ლიდერებიც ამაში მხოლოდ დადებითს ხედავენ და ერთსა და იმავე რიტორიკას იმეორებენ.
რეალობა კი ისაა, რომ დღეს საქართველო საერთაშორისო ურთიერთობებშიც ლამის უკვე ღიად პოზიციონირებს, როგორც რუსეთის მხარდამჭერი ქვეყანა. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსული ავიაცია სანქცირებულია, იმის გამო, რომ ტექნოლოგიები შესაძლოა ორმაგი დანიშნულებით იქნას გამოყენებული და ევროპასაც რუსეთთან მიმოსვლა შეჩერებული აქვს. საქართველოს ხელისუფლება ახლა პირდაპირი მიმოსვლის აღგდენით რისკავს, რომ თავად საქართველო და ჩვენი აეროპორტები შესაძლოა მეორადი სანქციების სამიზნე გახდნენ.
მეორე მხრივ, მკაცრ სანქციებში მოქცეული რუსეთი გამალებით ეძებს სათადარგო არხებს ხალხისა და შავი ფულის სამოძრაოდ. ამ მხრივ საქართველოს ხელისუფლების მოტივაციასთან დაკავშირებით ეჭვები ისედაც არსებობდა. პირდაპირი რეისები და უვიზო მიმოსვლა ამ რისკებს კიდევ უფრო ზრდის და ზრდის ივანიშვილის პერსონალური სანქცირების შანსებსაც.
"ქართული ოცნება" კონფრომტაციაში შედის დასავლელ პარტნიორებთან. დიახ, ევროპის ლიდერებს არაერთხელ აქვთ ნათქვამი, რომ ისინი გვერდით დაუდგებიან ქართველი ხალხის სურვილს, გახდნენ ევროკავშირის წევრი, მაგრამ ამ ქვეყნის ხელისუფლება თავისი უკვე პროვოკაციული ქმედებებით ამ ევროპული მომავლის საბოტაჟს ცდილობს.
და ბოლოს - რუსეთს, ამ ქვეყნის მტერს, ოკუპირებული აქვს და ცალხმრივად აქვს აღიარებული ე.წ. აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. თუკი ეს არავინ აღიარა მსოფლიოში, იმის გამო რომ საქართველოს დასავლელი პარტნიროები სოლიდარულები არიან ჩვენს მიმართ და არაღიარების პოლიტიკას ატარებენ. ამ სოლიდარულობას კი "ქართული ოცნება" გამუდმებული პროვოკაციებითა და შანტაჟით, მუდმივად საფრთხეს უქმნის.