მოლდოვა დსთ-ს სტრუქტურებიდან გასვლის პროცესს იწყებს

გამოქვეყნდა:

მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარე იგორ გროსუს განცხადებით, დააინიცირებს პროცედურას, რომ  დამოუკიდებელ ქვეყანათა თანამეგობრობის (დსთ) საპარლამენტო ასამბლეიდან გამოვიდნენ.

გროსუს თქმით, გადაწყვეტილება მოქალაქეებთან, მმართველი პარტიის წარმომადგენლებთან და პრეზიდენტ მაია სანდუსთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ის აპირებს სამართლებრივი პროცედურის დაწყებას, რომელიც საშუალებას მისცემს ქვეყანას "პირველი ნაბიჯი გადადგას თანამეგობრობიდან გასვლისთვის".

"მას შემდეგ, რაც დსთ-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსეთი, ბარბაროსულად დაესხა თავს უკრაინას, ამ ორგანიზაციას ვეღარ ვუწოდებთ თანამეგობრობას. ეს იქნება პირველი ნაბიჯი ქვეყნის მიერ დსთ-ის დატოვებისკენ, რომლისგანაც მოლდოვა გეოგრაფიულად განცალკევებულია უკრაინის გასვლის შემდეგ. 

ჩვენ მზად ვართ რომ განვცალკევდეთ ამ სიბოროტის, ომისა და სიღარიბის წყაროსგან. 30 წლის განმავლობაში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ვიღვწით კეთილდღეობისკენ, დემოკრატიისა და უკეთესი მომავლისკენ. დსთ არის ორგანიზაცია, რომელიც რუსეთმა საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე შექმნა, რათა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები ეკონტროლებინა. ჩვენ ვეღარ დავრჩებით ერთი და იგივე მოლაპარაკებების მაგიდაზე აგრესორ ქვეყანასთან ერთად", - თქვა გროსუმ ბრიფინგზე. 

მოლდოვა ამ დრომდე რჩება დსთ-ის წევრ სახელმწიფოდ, თუმცა მიმდინარე წლის აპრილის თვეში მათ უკვე დაიწყეს ორგანიზაციის ზოგიერთი ხელშეკრულების დენონსაციის პროცესი. 

2022 წლის მარტში, როცა მოლდოვამ ევროკავშირის წევრობისთვის წარადგინა განცხადება, პრეზიდენტმა მაია სანდუმ დადო პირობა, რომ ქვეყანა დსთ-ს მას შემდეგ დატოვებდა, რაც "ევროპულ გზაზე საკმარის პროგრესს მიაღწევდა".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი